კობა გოგატიშვილი: ”ირაკლი ფირცხალავას ოჯახი 30.000 დოლარს მთავაზობდა და შუბლის გახვრეტით მემუქრებოდა”

კობა გოგატიშვილი: ”ირაკლი ფირცხალავას ოჯახი 30.000 დოლარს მთავაზობდა და შუბლის გახვრეტით მემუქრებოდა”“კორტების სპეცოპერაციის” საქმის მთავარი მოწმე კობა გოგატიშვილი აცხადებს, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება. მისი თქმით, საქმეზე ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას მეუღლე და შვილი გოგატიშვილზე ზეწოლას ახორციელებდნენ. როგორც მოწმემ პრესკონფერციაზე თქვა, ფირცხალავას შვილი მას “შუბლის გახვრეტით” დაემუქრა.

– მე კორტების სპეცოპერაციის თვითმხილველი ვარ. ფირცხალავას ოჯახის წევრებისა და ახლობლების მხრიდან ჩემზე ზეწოლა და მუქარა განხორციელდა. მათ ჩემგან ჩვენების შეცვლა მოითხოვეს და სანაცვლოდ 30 ათასი დოლარი და საზღვარგარეთ უზრუნველყოფილი ცხოვრება შემომთავაზეს.

მათ სურდათ მეთქვა, რომ კორტებთან მოგვიანებით მივედი; მეუბნებოდნენ – სიმართლეს რომ ჰგავდეს, თქვი, რომ პროკურორებმა მოახდინეს ზეწოლაო, რეალურად კი არავისგან ზეწოლა არ ყოფილა. შეხვედრაზე ფირცხალავას მეუღლისა და შვილის გარდა, ასევე სხვა კაცებიც იყვნენ, რომლებისაც შემეშინდა და ვთქვი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი. მათ სახალხო დამცველთან მიმიყვანეს და იქ უნდა მეთქვა ყველაფერი, რაც დამაზეპირებინეს. ვიდრე შევიდოდი, მანქანაში ფირცხალავას შვილი მომიბრუნდა და მითხრა – თუ ჩვენებას არ შეცვლი, შუბლს გაგიხვრიტავენ-ო, – განაცხადა კობა გოგატიშვილმა.

მან დასძინა, რომ სახალხო დამცველთან მისულმა ცუდად ყოფნა მოიმიზეზა, რის გამოც შეხვედრა ჩაიშალა.

გოგატიშვილის თქმით, ამ შეხვედრას ფირცხალავას ახლობლები ფარულად იწერდნენ, გოგატიშვილი სრული ჩანაწერის გამოქვეყნებას მოითხოვს. ამასთან, მოწმე ამბობს, რომ მუქარის შესახებ სამართალდამცავ უწყებას მიმართა და გამოძიება უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს.

კობა გოგატიშვილზე ზეწოლისა და მუქარის შესახებ 8 სექტემბერს “კორტების სპეცოპერაციის” დროს დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახმა განაცხადა და გამოძიების დაწყება მოითხოვა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წლის 8 სექტემბერს,  საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარებულები იყვნენ ირაკლი ფირცხალავას მეუღლე, შვილი, ასევე ადვოკატები.

გიორგი ცააძესა და ირაკლი ფირცხალავას 2006 წლის მაისში კორტების მიმდებარედ, ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობას და მკვლელობის ორგანიზებას ედავებიან. საქალაქო სასამართლომ გიორგი ცააძესა და ირაკლი ფირცხალავას განზრახ მკვლელობისთვის 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იმედინიუსი