ლადო სადღობელაშვილი – “პოლიციამ მითხრა, როგორ გავბედე კალაძესთან მისვლა და აქციის გამართვა”

ლადო სადღობელაშვილი - "პოლიციამ მითხრა, როგორ გავბედე კალაძესთან მისვლა და აქციის გამართვა"„ქართველთა მარშის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი ლადო სადღობელაშვილი დარწმუნებულია, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამართლდება.
როგორც ლადო სადღობელაშვილმა სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა, მას არავითარი კანონი არ დაურღვევია, დაკავების პროცესში პოლიციისთვის წინაარმდეგობა არ გაუწევია. აქედან გამომდინარე, მისივე განმარტებით, გაუგებარია, რატომ დააკავა პოლიციამ.
როგორც ლადო სადღობელაშვილმა განაცხადა, საპატრულო პოლიციის მანქანაში სამართალდამცველებმა მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება მოახდინეს და სხეულის არეში დაზიანებებიც აღენიშნება.
– აქ საუბარი არის იმაზე, რომ რამდენიმე კაციანი დელეგაცია ვაპირებდით კახი კალაძის შტაბში შესვლას და საუბარს, როდესაც ჩემი დაკავება მოხდა. მე საერთოდ ვერ გავიგე რატომ დამაკავეს, სანამ პოლიციის განყოფილებაში არ მიმიყვანეს, ვერ მივხვდი. დაკავების დროს პატრულის მანქანში ჩემზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა, ნეკნის მიდამოებში ჩალურჯებები მაქვს. წინასწარი დაკავების იზოლატორში ფოტოები გადამიღეს და ეს ყველაფერი აღნიშნეს. ამას სასამართლოზე წარვადგენ. მემუქრებოდნენ მანქანაში – როგორ გავბედე კალაძესთან მისვლა და აქციის გამართვა და შემდეგ თუ გაბედავ სხვანაირად გაგისწორდებითო – მითხრეს პატრულის მანქანაში, რომლითაც დამაკავეს და თბილისში ერთი საათით წრე მარტყმევინეს გაუგებარი მიზეზების გამო, – განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა.
”ქართველთა მარშის” დაკავებული ლიდერის თქმით, თუ სამართალდამცველების მიერ მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე შესაბამისი რეაგირება არ მოხდა, შესაძლოა მათ სასამართლოში უჩივლოს. მისივე თქმით, თანამშრომლების ამოცნობა შეუძლია კიდეც.
– ერთ-ერთი იყო საპატრულო პოლიციის ოცმეთაური, – აღნიშნა მან.
საქალაქო სასამართლოში ლადო სადღობელაშვილის დაკავების საქმეზე პროცესი ჯერჯერობით არ დაწყებულა. საპატრულო პოლიციამ ის გუშინ აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლით დააკავა.

ინტერპრესნიუსი