დანიელმა ბიზნესმენმა ჰენდრიკ მედსენმა თბილისში ფაბრიკა დახურა. კომპანია GTG -ს დამფუძნებელი უკვე 25 წელია ჰუგო ბოსისთვის და ბესტ სელერის სავაჭრო ნიშნის ქვეშ გაერთიანებული 20 ბრენდისთვის არაერთ ევროპულ ქვეყანაში ტანსაცმელს კერავს. მან ბოლო რვა წლის განმავლობში, საქართველოში ხუთი მილიონის ინვესტიცია განახორციელა.
როგორც ჰენდრიკ მედსენი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას აღნიშნავს, ფაბრიკის დახურვის მიზეზი საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე შექმნილი პრობლემა გახდა.
მისი თქმით, კომპანიას დაახლოებით ერთი კვირის წინ ევროპიდან ახალი შეკვეთები უნდა მიეღო და კიდევ ერთი მილიონიანი ინვესტიცია განეხორციელებინა. პრობლემა თურქეთიდან გამოგზავნილი დოკუმენტები იყო. დეკლარაციებში ტექსტილის ჯამური ღირებულების 24-ცენტიანი სხვაობა ფიქსირდებოდა. თურქეთში სადღესასწაულო დღეების გამო, დოკუმენტების შესწორება ვერ ესწრებოდა. ტექნიკური პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობას მიმართა და განბაჟების უფლების მიღება ითხოვა.
ინვესტორის თქმით, მთავრობამ მას გარიგება შესთავაზა, მაგრამ მისი პირობები არ შეასრულა, შედეგად, მან დიდი თანხა და უცხოელი პარტნიორების ნდობა დაკარგა.
– საქართველოში საბაჟოს უფროსს ვესაუბრე, რომელმაც მითხრა, რომ ეს უმნიშვნელო შეცდომა იყო. დახმარებას დამპირდნენ. საბოლოოდ მომატყუეს, მე კიდევ ინვესტორები მოვატყუე. ნდობა და მილიონები დავკარგე, ადამიანებმა კი სამუშაო ადგილები. ამის შემდეგ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს დავუკავშირდი. ისინი, წლების წინ, როცა აქ ბიზნესს ვიწყებდი, ძალიან მეგობრულები იყვნენ. ახლა კი შედეგად უაზრო გადამისართება და გაზრდილი ბიუროკრატია მივიღე, რაც სირცხვილია. ვიცი, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს მუშაობა უნდათ, თუმცა ასე თუ გაგრძელდა, საქართველოში ინვესტირების სურვილი არავის ექნება და აქედან უბრალოდ წავლენ. ჩემი აზრით, მთავრობამდე საქმე არც უნდა მიდიოდეს, მაგრამ მათთან კომუნიკაციის მიუხედავად, არავინ დაგვეხმარა. მშრალ პასუხს გეუბნებიან და არაფერს ითვალისწინებენ, – აცხადებს ბიზნესმენი.
მისივე თქმით, სამუშაოდ იქ წავა, სადაც უკეთესი პირობები დახვდება. სავარაუდოდ, მუშაობას თურქეთში გააგრძელებს – „ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ ამ სირთულეების შედეგად, დაკარგული მილიონების გამო, საქართველოში ბიზნესი დავხურო და წავიდე იქ, სადაც სამუშაოდ უკეთესი პირობები იქნება. მიმუშავია ლატვიაში, პოლონეთში, უკრაინაში და ასეთ დეტალებზე პრობლემები არასდროს შემქმნია“.
ბიზნესმენი ამბობს, რომ კლიენტების და შეკვეთების დაკარგვასთან ერთად, ადამიანებმა სამუშაო ადგილები დაკარგეს.
– ჩვენ დავკარგეთ მსხვილი კლიენტები და შეკვეთა, დავკარგეთ შემოსავალი, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ადამიანებმა სამუშაო ადგილები დაკარგეს. ეს ყველაფერი 24 ცენტის გამო მოხდა. ამის გამოსწორება უმოკლეს დროშიც შეიძლებოდა, – აღნიშნავს ჰენდრიკ მედსენი.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. რაც შეეხება საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელს ლევან ძნელაშვილს, ის ადასტურებს, რომ დანიელ ბიზნესმენთან კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები, ამაზე საუბრისგან თავს იკავებს.
კომერსანტი

