პროკურატურამ მაკა ჩიჩუას ძმას, მიხეილ მგალობლიშვილს, საპროცესო შეთანხმებაზე უარი უთხრა

პროკურატურამ მაკა ჩიჩუას ძმას, მიხეილ მგალობლიშვილს, საპროცესო შეთანხმებაზე უარი უთხრასაქართველოს პროკურატურა მაკა ჩიჩუას ძმისთვის, მიხეილ მგალობლიშვილისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს. ამის მიზეზად პროკურატურა მგალობლიშვილის კრიმინალურ წარსულს ასახელებს. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს.

“მიხეილ მგალობლიშვილი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარებისთვის ბრალდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი სრულად სცნო დამნაშავედ. შემდგომ აღნიშნული განაჩენი ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. ამჟამად მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ რატომ არ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, გიპასუხებთ, რომ მ. მგალობლიშვილი წარსულში არაერთგზისაა ნასამართლევი, მათ შორის ისეთი ძალადობრივი დანაშაულისთვის, როგორიცაა განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში. გარდა აღნიშნულისა მიხეილ მგალობლიშვილი სასამართლო განხილვებისას აცხადებდა, რომ იარაღები იყო გარდაცვლილი მამის დანატოვარი და წარმოადგენდა რელიქვიას, თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ იგი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა “BROWNING“-ის კონსტრუქციის იარაღს ერთი მჭიდით და ერთი ვაზნით, ასევე თავის საცხოვრებელ სახლში ინახავდა ქარხნული წესით დამზადებულ 7,65 მმ კალიბრის იარაღს -„BERETTA“. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ამოღებული იარაღები მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის, ხოლო ამოღებული ვაზნა წარმოადგენს საბრძოლო მასალას და ვარგისია გამოსაყენებლად. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე პროკურატურა ასეთ შემთხვევაში მიზანშეუწონლად მიიჩნევს ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას”, – განაცხადეს პროკურატურაში.

24 აპრილს მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ოგორც მოსამართლემ განმარტა, იარაღის უკანონო შეძენა-ტარების ბრალდება 4-დან 6-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და მან, ამ შემთხვევაში, სასჯელის მინიმალური ვადა გამოიყენა. მოსამართლის განცხადებით, საპროცესო გარიგება მხარეეს შორის მიღწეული არ ყოფილა და ამიტომ პირობითი პატიმრობის გამოყენების უფლებას კანონი არ აძლევდა.

პრეზიდენტის მეუღლის, მაკა ჩიჩუას ძმა მიხეილ მგალობლიშვილი იანვარში დააკავეს.

იმედინიუსი