„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” პროკურატურის წინააღმდეგ. არასამთავრობო ორგანიზაცია სასამართლოს სარჩელით მიმართავს. საქმე ეხება გახმაურებული საქმეების გამოძიების პროცესთან დაკავშირებით, პროკურატურის მიერ ინფორმაციის დამალვის ფაქტს.
საუბარია 2012 წლის შემდეგ დაწყებულ გამოძიებებზე, მათ შორის არის ნიკა გვარამიას ფარული ჩანაწერების საქმე, აფგან მუხთარლის გაუჩინარება, ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებისა და გენერალური აუდიტორის ცემის ფაქტები.
საქმეებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, თუმცა პროკურატურისგან უარი მიიღო.
“საერთაშორისო გამჭვირვალობაში” ამბობენ, რომ თუ პროკურატურა გადაწყვეტილებას არ შეცვლის, ორგანიზაცია უწყების წინააღმდეგ სასამართლოში დავას გეგმავს.
– ჩვენ ჩამონათვალში მოხვდა საქმეები, როგორიც არის მაგალითად გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის საქმე, ასევე აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმე. ნიკა გვარამიას მონაწილეობით ფარული ჩანაწერები გავრცელდა რამდენჯერმე და ამ ფარული ჩანაწერების გავრცელებისა და დამზადების საქმეებზე გამოძიებაც არ ვიცით რა შედეგით დასრულდა. პროკურატურამ ამ ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მაღალი ინტერესის მქონე საქმეებზე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინფორმაცია და ჩვენ ვაპირებთ პროკურატურის უარი გავასაჩივროთ სასამართლოში, – განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტმა ოლიკო შერმადინმა.

