რუსთავში სასწრაფოს ექიმი სცემეს

რუსთავში სასწრაფოს ექიმი სცემესრუსთავში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს და მძღოლს სცემეს. შემთხვევა მე-6 მიკრორაიონში მოხდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო ეკიპაჟი გამოძახებაზე გავიდა, ექიმმა პაციენტს პირველადი დახმარება გაუწია, თუმცა მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას ავადმყოფის თანმხლებმა სამმა პირმა რეანომობილში ასვლა ისურვა, რაზეც სასწრაფოს პერსონალის მხრიდან უარი მიიღეს.

აღნიშნულ ფაქტს სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავდა ექიმი, რომელიც კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს. მას სხეულის ზედაპირული მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა. თუცმა სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა და სამედიცინო დაწესებულებიდან მალევე გაწერეს.

მომხდარის შესწავლა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ურთიერთშელაპარაკებაში მონაწილე სამი პირი პოლიციამ უკვე გამოკითხა. რა სახის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მათ, ამას სასამართლო გადაწყვეტს.

იმედინიუსი