გუშინ საღამოს საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე ქართულ საგუშაგოზე აფეთქება მოხდა. პირველადი ინფორმაციით, ქართულ საგუშაგოზე მე-5 სამმართველოში გაზის ბალონი აფეთქდა.
აფეთქების შედეგად ერთი მესაზღვრე დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. დაშავებულები, თბილისში, დამწვრობის ცენტრში არიან გადმოყვანილი.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დამწვრობის ცენტრში მოთავსებული მესაზღვრეების მდგომარეობა კრიტიკულია.
როგორც სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ “ნიუპოსტს” განუცხადა, ორი პაციენტი – 44 და 26 წლის მესაზღვრეები რეანიმაციაში იმყოფებიან.
– მათ აღენიშნებათ სასუნთქი გზების დაზიანება და დამწვრობითი შოკი, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.