სპეცსამსახურების ყოფილი აგენტი, ალეკო სამუშია, ოჯახისთვის დაცვის დანიშვნის მოთხოვნით შიმშილობს

სპეცსამსახურების ყოფილი აგენტი, ალეკო სამუშია, ოჯახისთვის დაცვის დანიშვნის მოთხოვნით შიმშილობსსპეცსამსახურების ყოფილი აგენტი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობს. ალეკო სამუშია საკუთარი ოჯახისთვის დაცვის დანიშვნას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ “სამართალდამცველების რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ავრცელებს და არ გამორიცხავს, რომ ამ მოთხოვნით აქციაც გაიმართოს. ის ამ საკითხთან დაკავშირებით ომბუდსმენთან შეხვედრასაც გეგმავს.

– მან დაიწყო შიმშილობა ციხეში, სადაც ის ზის. მე სახალხო დამცველს გადავცემ იმ კონსპირაციულ წერილს, რომელიც მე მივიღე ალეკო სამუშიასგან. საუბარია მათ შორის ალეკო სამუშიას სხვა სპეცოპერაციებზე. თუ ალეკო სამუშიას ოჯახი არ იქნება დაცული უახლოეს პერიოდში, მათ ყოველწუთიერად ემუქრება საფრთხე, ჩვენ შეიძლება გავმართოთ აქცია, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

ალეკო სამუშიას საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა რაც სპეცსამსახურების საიდუმლო აგენტის სკანდალური ინტერვიუ „შაბათის კურიერში“ გავიდა. მისი თქმით რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი დიდი ფულის სანაცვლოდ მას ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაიასა და ლევან ვარშალომიძის ლიკვიდაციას სთხოვდა.