სტრასბურის სასამართლომ გვანცა ყუფარაძის სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა

სტრასბურის სასამართლომ გვანცა ყუფარაძის სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილაადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის სარჩელი “გვანცა ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ” ახლანდელმა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 2010 წელს მოამზადა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1992 წელს დაბადებული გვანცა ყუფარაძის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სასამართლომ გვანცა ყუფარაძის სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.

გვანცა ყუფარაძის ადვოკატები სისხლის სამართლის პროცედურების სამართლიანობასა და პატიმრობის პირობებს ასაჩივრებდნენ. ყუფარაძე მიიჩნევდა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მის მიმართ უსამართლოდ მიმდინარეობდა. ამასთან, დაირღვა მისი უფლება სამართლიან სასამართლოზე (კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი).

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ არ მიიჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო ყუფარაძის უფლებები დაირღვა. სასამართლოს მიერ მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შერჩევის შემდეგ ყუფარაძე განთავსებული იყო სრულწლოვან ქალ პატიმრებთან ერთად. მოგვიანებით კი გადაიყვანეს აღნიშნული საპყრობილის ცალკე ყოფნის საკანში ყველასაგან განცალკევებით, სადაც 5 თვე გაატარა. 5 თვის შემდეგ კი მასთან შეასახლეს კიდევ ერთი არასრულწლოვანი გოგო.

სტრასბურის სასამართლოს შეფასებით, გვანცა ყუფარაძის უფლებები არც ამ ნაწილში დარღვეულა (კონვენციის მე-3 მუხლი).

2006 წლის ნოემბერში ყუფარაძე ერთ-ერთი თანაკლასელის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს. ის ამტკიცებდა, რომ მსხვერპლი ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა დაჭრა, რომლებიც სკოლის ეზოში შევიდნენ და მის თანაკლასელს ორი დანით დაესხნენ თავს. თუმცა, თავად მსხვერპლის განცხადებით, მას თავს სწორედ ყუფარაძე დაესხა.

2007 წლის ივნისში პირველი ინსტანციის სასამართლომ ყუფარაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან ნახევარი – პირობითი მსჯავრი.

ნიუპოსტი