სუს-მა თემურ ჯანაშიას ფარული მიყურადება შეწყვიტა

სუს-მა თემურ ჯანაშიას ფარული მიყურადება შეწყვიტასახელმწიფო გადატრიალების მუხლით აღძრულ საქმეზე სდსს-ს ყოფილ ხელმძღვანელზე თემურ ჯანაშიაზე ფარული მიყურადება შეწყდა.

ერთწლიანი მიყურადების შედეგები ჯანაშიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს გააცნეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანაშიამ განუცხადა, სუს-ში განუმარტეს, რომ ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული მასალები განადგურებულია, რადგან მათში გამოძიებისთვის საინტერესო არაფერი ყოფილა.
– სასამართლო განჩინების საფუძველზე, იმ პერიოდში ისმინებოდა ჩემი ტელეფონი. როცა ვთხოვე, რომ წარმოედგინათ, თუ რას უსმენდნენ, მითხრეს – ეს მონაცემები განადგურებულია, რადგან მათში არაფერი საინტერესო არ იყო. გავეცანი ასევე მასალებს და საერთოდ რა შემხებლობა მქონდა ამ საქმეთან, ამის რაიმე დოკუმენტი ვერ ვნახე, ლოგიკურად ვერ დავაკავშირე. საქმე აღიძრა იმაზე, რომ ვითომ ერთი ინდივიდი ელაპარაკება მეორეს, სადაც ჩემს სახელს და გვარს ასახელებენ. თვითონ ამ საუბრის შინაარსიდანაც ირკვევა, რომ არც მანამდე, არც იმის მერე არ მექნებოდა შეხება ამ საქმესთან. ამის მიუხედავად, მაინც ვიყავი დაკითხვაზე და რაღაც პერიოდში, ჩემს მყუდრო პირად სივრცეში შემოიჭრნენ, – განაცხადა თემურ ჯანაშიამ.
მისივე თქმით, მოცემულ საქმეზე ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინტერესის ობიექტი აღარ არის.
– ინტერესის ობიექტი ყოველთვის ვიქნები, რა თქმა უნდა, თუმცა მოცემულ საქმეზე აღარ გრძელდება ჩემზე ფარული მიყურადება, – განაცხადა ჯანაშიამ.

ინტერპრესნიუსი