თემურ თათარაშვილი: ”ნარკოტიკი სააკაშვილმა შემაზიზღა… მარიხუანა ყველა ვარიანტში ადებილებს”

თემურ თათარაშვილი: ”ნარკოტიკი სააკაშვილმა შემაზიზღა... მარიხუანა ყველა ვარიანტში ადებილებს”მომღერალ თემურ თათარაშვილის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე პერიოდი ციხეში გატარებული დროა. 2006 წელს ის ნარკოტიკების შენახვა-მოხმარების ბრალდებით დააკავეს და 10 წელი. მართალია, ციხეში მხოლოდ წელიწადზე ცოტა მეტი გაატარა, მაგრამ პატიმრობამ მის ცხოვრებას, მის ოჯახს წარუშლელი დაღი დაასვა და თავად მის პიროვნებაში ბევრი რამ შეცვალა. მან ჟურნალ “სარკეს” ძალიან საინტერესო ინტერვიუ მისცა.

— ბატონო თემურ, საქართველოში რას საქმიანობთ?

– მოსკოვში 10 წელი ვიცხოვრე, აქ 5 თვეა, რაც დავბრუნდი. მეგობრებმა ნატახტარში რესტორანი დამითმეს, მისი ერთ-ერთი მეწილე ვარ და ვამუშავებ.მოსკოვში 10 წელი ვიცხოვრე, აქ 5 თვეა, რაც დავბრუნდი.

მომგებიანი საქმეა, თუმცა რთული. ამბობენ, ხალხს ფული არ აქვსო და ყველა რესტორანი მაინც გატენილია.

— მხოლოდ სიმღერით თავის შენახვა გაგიჭირდათ?

– მხოლოდ სიმღერით თავს ვერ გაიტან, მით უმეტეს, როცა ოჯახში არავინ მუშაობს. ასე თუ ისე, კონცერტები მაქვს, 15 აგვისტოს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში სოლო კონცერტს გავმართავ, ოქტომბერში კი – ნიუ იორკში.

— 10 წლის წინ რატომ გადაწყვიტეთ საქართველოდან წასვლა, სააკაშვილის რეჟიმის დროს აქ აღარ დაგედგომებოდათ?

– ციხიდან გამოსვლის შემდეგ თვენახევარში დამირეკეს, სასწრაფოდ უნდა წახვიდეო. ვიღაც-ვიღაცებს არ მივესალმე. იმავე ღამეს დამირეკეს თანამდებობის პირებმა და მითხრეს, წავსულიყავი. კი დამიჭირეს, მაგრამ ძალიან ბევრს, ვინც დამიჭირა, ეს სულაც არ უნდოდა, ზემოდან ჰქონდათ ნაბრძანები.

მანქანა წამართვეს. ადვოკატმა ციხეში ფურცელი შემომიტანა, ხელი უნდა მოაწერო, შენი ბინა გენერალურ პროკურორს უნდაო. მარჯანიშვილის თეატრის გვერდით კორპუსში მქონდა ბინა. ადვოკატმა დააყოლა, ასე გადმოგცა გენერალურმა პროკურორმა, ერთი ადგილი არ ათამაშოს, ხელი მოაწეროსო. ეს ფურცელი რგოლად დავახვიე და ვუთხარი, პროკურორს გადაეცი, ეს უკანალში გაიკეთოს-მეთქი.

2 კვირაში საკანში გაზეთი შემომივიდა, სადაც წავიკითხე, რომ როინ მეტრეველს, ნინელი ჭანკვეტაძეს და ბევრ ადამიანს ბინები ჩამოერთვათ. ბინა კი დავიბრუნე, მაგრამ მანქანა – ვერა. ჩემი მანქანით ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მეუღლე დადიოდა. იმ ხელისუფლებამ არჩევნები რომ წააგო, ჩემმა მეგობრებმა ამ ავტომობილის ძებნა დაიწყეს, მაგრამ ბაზიდან ყველაფრიდან გაქრა.

— შეგიძლიათ გაიხსენოთ ის უმძიმესი მომენტი, როცა ნარკოტიკების გამო დაგაკავეს?

– 2006 წლის 25 სექტემბერი იყო, ყურძენს წურავდნენ. პრეზიდენტის კანცელარიიდან დამირეკეს, რომ პროტოკოლში ვიყავი და ოლიმპიელებთან და პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ყურძენი უნდა დამეწურა. ვუპასუხე, პრეზიდენტის გვერდით არ დავდგები-მეთქი. ოღონდ ეს ყველაფერი ცუდი სიტყვებით ვთქვი.

3 საათზე ყურძნის დაწურვაზე არ მივედი, 4-ს აკლდა 15 წუთი, რომ 9 მანქანამ გზა გადამიკეტა და დამიჭირეს.

— ანუ დაისაჯეთ…

– დიახ. შვილიშვილებს ვფიცავარ, იმ მომენტში ჯიბეში არაფერი მდებია. ვინც ცოტა ნორმალურად აზროვნებს, მათ გასაგონად ვამბობ: პრეზიდენტის პროტოკოლში მოხვდებოდა ადამიანი, რომლის დაჭერასაც იმ დღეს გეგმავდნენ?

მაშინ ერთ-ერთმა ოლიგარქმა ჩემს მეუღლეს დაურეკა, გამიგე, მის გასათავისუფლებლად რა თანხას ითხოვენ და მე გადავიხდიო. ეგონა, უბრალოდ წამალზე ვიყავი დაკავებული. ადვოკატმა მითხრა, მილიონიც რომ გადაიხადო, არ გაგათავისუფლებენ იმიტომ, რომ გენერალურ პროკურორს მაგიდაზე ჩანაწერი უდევს, პრეზიდენტს როგორ შეაგინეო.

ეს იყო ჩემი დაჭერის მიზეზი, თორემ მე რომ “ვკაიფობდი”, მთელმა საქართველომ, მთელმა მთავრობამ იცოდა. ამით ჩემს თავს ვუკეთებდი ცუდს და არა სხვებს. 10 წელი მქონდა მისჯილი, მაგრამ 16 თვე მოვიხადე.

2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს სააკაშვილმა მომღერლები დაიბარა, უთხრა, გვერდში რატომ არ მიდგახართო. რამდენიმემ უპასუხა, თემური გააათავისუფლეთ და გვერდში დაგიდგებითო. ჰოდა, გამათავისუფლეს.

— როგორ შეცვალა ციხის პერიოდმა თქვენი ცხოვრება?

– სააკაშვილმა ერთი კარგი რამ კი გამიკეთა, აბსოლუტურად შემაზიზღა ის სენი, რასაც ნარკოტიკი ჰქვია. უკვე 12 წელი ხდება, რაც ნარკოტიკთან არანაირი შეხება მაქვს. შეხება კი არა, დანახვაც არ მინდა!

ციხეში სუიციდის მცდელობაც კი მქონდა. საკანში მოძღვარი შემოვიდა, მან გამომტეხა ამ ყველაფერში. ღმერთის ნება იყო, რომ იმ ღამეს შემოვიდა.

3 თვე და 2 დღე სამარტოო საკანში ვიყავი. მოძღვარმა რომ ნახა, თავის ჩამოხრჩობას ვაპირებდი, დილით 4 კაციან საკანში გადამიყვანეს.

ჩემს მსმენელს, ვისაც ძალიან ვუყვარვარ, გული ვატკინე, ასევე ოჯახს. ჩემი დაკავებისას დედაჩემს პარკინსონის დაავადება დაემართა, დღემდე წყალს რომ სვამს, ჭიქას კბილებში ირტყამს.

— მარიხუანის ლეგალიზებაზე, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე რა აზრის ხართ?

– ადამიანი, რომელიც 16 წელი ნარკოტიკს მოვიხმარდი, ვამბობ, რომ ამის ძალიან წინააღმდეგი ვარ! არ იცით, ჩემს დისშვილებს, შვილს როგორ ვაკონტროლებ! ღმერთმა დაიფაროს, რომ მარიხუანაც კი რომელიმეს დავუნახო! ყველა ვარიანტში ეს ადებილებს. ბევრი ამბობს, მარიხუანა წამალიაო, წამალი არა, ის! წადი, ღვინო დალიე და იმით “იკაიფე!”.

— ციანიდის საქმეზე ერთ-ერთმა მოწმემ ჩვენებაში განაცხადა, რომ თქვენი დაკავება სუს-ის საიდუმლო თანამშრომლის, ირაკლი მამალაძის, მეშვეობით მოხდა. ამაზე რას იტყვით?

– ამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობ. მას ჰკითხონ, მე რა შუაში ვარ? თუ მამალაძემ ეს გააკეთა, ღმერთმა გადაუხადოს. სხვას ვერაფერს ვიტყვი. არც მამალაძეს ვიცნობ და არც ფირცხალავას.

— 50 წლის ასაკში თავს როგორ გრძნობთ?

– ასაკს საერთოდ ვერ ვგრძნობ. მყავს ორი შვილი, ქალ-ვაჟი. მარიამი უმცროსია, მას 6 წლის გოგონა ჰყავს, ვანოს კი – 6 თვის ბიჭი. საქართველოში ჩემს დარჩენაში დიდი როლი შვილიშვილებმა ითამაშეს. უცებ გადავწყვიტე, რომ რუსეთში წასვლა აღარ მინდოდა.

— მეუღლესთანაც დიდი ხნით მოგიხდათ განშორება. როგორია ახლა თქვენი ურთიერთობა?

– არაჩვეულებრივი, ყველაფერი კარგადაა.

— ცოლთან ერთად ცხოვრობთ?

– არა, ის ჩემს ქალიშვილთან ცხოვრობს, მე ბინაც კი არ მაქვს თბილისში, ნაქირავებში ვარ.

მე და ნინო 28 წელია ცოლ-ქმარი ვართ და ჩვენი ჩხუბი შვილსაც კი არ უნახავს. ნინომ კარგად იცის ჩემი ხასიათი და მეც კარგად ვიცი მისი ხასიათი. თუ ცოტა მაღალ ტონალობაში დაიწყო საუბარი, გავდივარ, იმავეს აკეთებს თვითონაც.

ეკა ლემონჯავა, ჟურნალი “სარკე”