წყალტუბოს სანატორიუმ „მეგობრობაში“ კედლები ინგრევა – ჩამოვარდნილ აგურს ბავშვები სასწაულით გადაურჩნენ

წყალტუბოს სანატორიუმ „მეგობრობაში“ კედლები ინგრევა - ჩამოვარდნილ აგურს ბავშვები სასწაულით გადაურჩნენწყალტუბოში, სანატორიუმ „მეგობრობის“ პირველ კორპუსში კედლები ინგრევა. სანატორიუმში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები შველას ითხოვენ.

დევნილების განცხადებით, კედლებიდან ჩამოვარდნილ აგურს ბავშვები სასწაულით გადაურჩნენ.
– 24 ოჯახი ვცხოვრობთ აქ. გვყავს ბავშვები, რომლებსაც ოთახებში ვერ ჩავკეტავთ, გამოდიან და დერეფანში თამაშობენ. ავარიულია კორპუსი, კედლები ინგრევა. კედლებიდან ჩამოვარდნილ აგურს ბავშვები სასწაულით გადაურჩნენ, თორემ უბედურება დატრიალდებოდა. ჩავარდნილია იატაკი. რამდენიმე დევნილმა ფეხიც კი მოიტეხა ამის გამო. ვითხოვთ ყურადღებას. ჩვენ თუ ხელისუფლება გვყავს, გულთან მიიტანოს ჩვენი მდგომარეობა, – ამბობს დევნილი თამარ მამარდაშვილი.
სანატორიუმ „მეგობრობა“-ში მცხოვრები დევნილები განმარტავენ, რომ ხელისუფლება უსაფრთხო ადგილას გადაყვანას ყოველ წელს ჰპირდება, თუმცა, დაპირების მიუხედავად, დევნილები წლებია ავარიულ შენობაში, შიშის ქვეშ ცხოვრობენ.

ინტერპრესნიუსი