ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე სამშენებლო კომპანიის დამფუძნებლები ჯუმბერ ზოიძე და ალექსანდრე ხიმშიაშვილი, ხიმშიაშვილის ძმამ რამაზ ხიმშიაშვილმა სამშენებლო კომპანია „რეალ-პალასის“ ოფისთან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა – აცხადებენ მოქალაქეები, რომლებიც ინციდენტის ადგილას იმყოფებოდნენ.
თვითმხილველების თქმით, მომხდარი ფაქტი, სავარაუდოდ, ოჯახურ უთანხმოებას უკავშირდება.
დაცვის თანამშრომელი ვანო კუნჭულია იხსენებს, რომ სროლის ხმაზე ტერიტორიიდან გამოსულმა კომპანიის დამფუძნებელი დაჭრილი დაინახა.
– როდესაც ხმა გავიგონე გამოვედი, სასწრაფო დახმარების მანქანა დავინახე, ჩვენი უფროსი, კომპანიის დამფუძნებელი ჯუმბერ ზოიძე გამოჰყავდათ. შემდეგ პოლიციაც მოვიდა. ინციდენტი ოფისთან მოხდა. ამბობენ, რომ რამაზ ხიმშიაშვილმა ძმას და ზოიძეს ესროლა, – ყვება კომპანიაში დასაქმებული.
– სასწრაფომ აქედან ორი ადამიანი წაიყვანა. ამბობდნენ, რომ ძმამ ძმას და კიდევ ერთ ნათესავს ესროლა. რამაზ ხიმშიაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით ჯუმბერ ზოიძე და ალექსანდრე ხიმშიაშვილი დაჭრა. სხვა დეტალები არ ვიცი, – ამბობს ნოდარ ლამპარაძე.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანა. რეფერალური საავადმყოფოს წარმომადგენელთა განცხადებით, ორივე მათგანს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ნიუპოსტი

