ბათუმში სამშენებლო კომპანიის დამფუძნებლები დაჭრეს

ბათუმში სამშენებლო კომპანიის დამფუძნებლები დაჭრესბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, „რეალ-პალასის“ ოფისთან სამშენებლო კომპანიის დამფუძნებლები ჯუმბერ ზოიძე და ალექსანდრე ხიმშიაშვილი დაჭრეს. აჭარის ტელევიზია თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაჭრაში ეჭვმიტანილი ხიმშიაშვილის ძმა რამაზ ხიმშიაშვილია.
– როდესაც ხმა გავიგონე გამოვედი, სასწრაფო დახმარების მანქანა დავინახე, ჩვენი უფროსი, კომპანიის დამფუძნებელი ჯუმბერ ზოიძე გამოჰყავდათ. შემდეგ პოლიციაც მოვიდა. ინციდენტი ოფისთან მოხდა. ამბობენ, რომ რამაზ ხიმშიაშვილმა ძმას და ზოიძეს ესროლა, – ციტირებს აჭარის ტელევიზია კომპანიის დაცვის თანამშრომლის ვანო კუნჭულიას კომენტარს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანა. რეფერალურ საავადმყოფოში განაცხადეს, რომ ორივე პაციენტს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს.