ჩხვირკია და ღოღობერიძე პატიმრობაში რჩებიან – სასამართლომ ელისო კილაძის თავდებობა არ გაითვალისწინა

ჩხვირკია და ღოღობერიძე პატიმრობაში რჩებიან - სასამართლომ ელისო კილაძის თავდებობა არ გაითვალისწინა11-12 მარტის აქციის ორგანიზებაში ბრალდებული მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლო პროცესი დღეს განახლდა.

საპროცესო კანონის წესით დღეს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით იმსჯელა. პროცესს მხოლოდ ირაკლი ჩხვირკია ესწრებოდა, მერაბ ღოღობერიძე სასამართლო პროცესზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მივიდა, მას რამდენიმე დღის წინ ოპერაცია ჩაუტარდა.

სასამართლო პროცესზე პროკურორები ბრალდებულების პატიმრობაში დარჩენას, დაცვის მხარე კი მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ადვოკატებმა საქმის ახალ გარემოებებზეც ისაუბრეს. მათი თქმით, ახალ გარემოებებს შორისაა ისიც, რომ დაკითხული არიან ძირითადი მოწმეები და მათზე ზეწოლის ალბათობა არ არსებობს. ირაკლი ჩხვირკვია აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ითხოვდა, მას ასევე პირადი თავდების სახით, ჟურნალისტი ელისო კილაძე დაუდგა. თუმცა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ეს გარემოება არ გაითვალისწინა და ბრალდებულები კვლავ პატიმრობაში დატოვა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარე პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

ნიუპოსტი