დღეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა გაიხსნება

დღეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა გაიხსნება30 ოქტომბერს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ოფიციალურად გაიხსნება. გახსნის ცერემონიას პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიწვია.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი.

“ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი არის პროექტი, რომელიც აერთებს სამი ზღვის – კასპიის, შავი და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებს. ფაქტობრივად, სრულდება ეტაპი, რომელიც სრულყოფილად აყალიბებს სამხრეთ კავკასიური დერეფნის შექმნას – სამხრეთ კავკასიურ დერეფანში ჩვენ გვექნება ენერგო, სატრანზიტო გზები და ასევე სატრანსპორტო კომუნიკაციები. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რასაკვირველია, იქნება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი. მისი მნიშვნელობა უაღრესად დიდია, ცდება რეგიონის ინტერესებს და გადის, როგორც აზიის, ასევე ევროპის ქვეყნებზე”, – აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში თეიმურაზ შარაშენიძე.

მსოფლიოს 100 გლობალურ პროექტს შორის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა მსოფლიოს ერთ-ერთ სტრატეგიულ პროექტად არის აღიარებული.

იმედინიუსი