გოგა ონიანს განაჩენი შეიძლება დღეს გამოუტანონ

გოგა ონიანს განაჩენი შეიძლება დღეს გამოუტანონნაციონალური მოძრაობის წევრის, ადვოკატ გიორგი ონიანის ბრალდების საქმე დასკვნით ეტაპზეა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების და დაცვის მხარეები რეპლიკებს იტყვიან, რის შემდეგაც ბრალდებული საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. ამის შემდეგ მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა, თუმცა, მხარეები ვარაუდობენ, რომ მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა განაჩენს დღესვე გამოაცხადებს.

სახელმწიფო ბრალდება იმედოვნებს, რომ მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, თუმცა თავის მხრივ დაცვის მხარე და თავად ბრალდებული გოგა ონიანი დარწმუნებული არიან, რომ საქმეზე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება გამამართლებელი განაჩენია, ვინაიდან ბრალდება მტკიცებულებებით გამყარებული არაა.
გიორგი ონიანს ბრალი რამდენიმე მუხლით აქვს წაყენებული, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით.

პროკურატურა მას ორ ეპიზოდს ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში გიორგი ონიანმა 2011 წელს “ქართულო ოცნების” ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის “დაო პრინტის” მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა და ნარკოტიკული საშუალების ჩადებით, მას ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წაუყენა.

ამავე სცენარით მოხდა “ქართული ოცნების” კიდევ ერთი მხარდამჭერის, ლევან მდინარაძის, მეტსახელად დიჯეი რემბოს დაკავებაც.

ონიანს ორივე ეპიზოდთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული.