გორში პოლიციელი რევაზ ოქროპირიძე საკუთარ მანქანაში მოკლული იპოვეს – იქვე იარაღი და ტელეფონი ეგდო

გორში პოლიციელი რევაზ ოქროპირიძე საკუთარ მანქანაში მოკლული იპოვეს - იქვე იარაღი და ტელეფონი ეგდო19 ოქტომბერს გორში კომბინატის დასახლებაში ერედვის პოლიციის განყოფილების მოკლული თანამშრომელი, რევაზ ოქროპირიძე საკუთარ მანქანში იპოვეს. გარდაცვლილს ცეცხლნასროლი ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.

პოლიციელი რევაზ ოქროპირიძე ცხინვალის რეგიონიდან დევნილია.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ადგილი, სადაც გარდაცვლილი პოლიციელი იპოვეს დაუსახლებელია და ერთ-ერთ რესტორანთან ახლოს მდებარეობს. მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ.

შემთხვევის ადგილზე პროკურატურის თანამშრომლები მივიდნენ. გამომძიებლებს იქ იარაღი და ტელეფონი დახვდათ.

საქართველოს მთავარი პროკურატურა იმ საწარმოებსა და მისი მფლობელების ვინაობას არკვევს, რომლებიც პოლიციელის გარდაცვალების ადგილის სიახლოვეს, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ.
ამის თაობაზე გამომძიებლებმა მოკვლევა ადგილიდანვე დაიწყეს.  პირველ რიგში, მათ ადგილმდებარეობის ზუსტი მისამართი, გარშემო საწყობების მეპატრონეების და იქ განთავსებული პროდუქციის მფლობელების მონაცემები მოითხოვეს.
დეტექტივები არკვევდნენ, იყო თუ არა რაიმე კავშირში გარდაცვლილი პოლიციელი იმ საწყობებთან, სადაც საკონდიტრო ნაწარმი ინახება და რომლის სიახლოვეს ფაქტი მოხდა.

გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შემთხვევა შინდისის გზატკეცილზე, მთავარი მაგისტრალიდან დაახლოებით 50 მანძილზე, ჩიხში მოხდა.