ლიბიაში ქართველი მეზღვაურები პატიმრობაში დატოვეს

ლიბიაში ქართველი მეზღვაურები პატიმრობაში დატოვესლიბიაში დაკავებული სამი ქართველი მეზღვაურის სასამართლო პროცესი მოულოდნელად, რამდენიმე საათის წინ გაიმართა. ინფორმაციას “იმედთან” ერთ-ერთი მეზღვაურის ოჯახის წევრი ადასტურებს.
პროცესი 17 ოქტომბრისთვის იყო დანიშნული, თუმცა რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთი დაკავებული, რომა კაკალაძე ოჯახის წევრებს დაუკავშირდა და აცნობა, რომ პროცესზე წაიყვანეს.
სალომე კაკალაძე აცხადებს, რომ ის დაკავებულ ძმას, რომა კაკალაძეს ელაპარაკა, რომელმაც სასამართლო პროცესის შესახებ მოუყვა. ოჯახის ინფორმაციით, სხდომა უშედეგოდ დასრულდა, რადგან 3 ადვოკატის ნაცვლად, პროცესს გემის მფლობელი კომპანიის მიერ დაქირავებული ადვოკატი ესწრებოდა, რომელიც ქართველი მესაზღვრეების ინტერესებს არ იცავდა. მათივე ინფორმაციით, თარჯიმანს, რომელიც მოსამართლესა და დაკავებულებს შორის კომუნიკაციას უზრუნველყოფდა, ქართველი მესაზღვრეების მიმართ დამცინავი დამოკიდებულება ჰქონდა. დაკავებულების ოჯახები მთავრობის გარდა, დახმარებას ახლა უკვე პრეზიდენტსაც სთხოვენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროში დეტალებზე არ ლაპარაკობენ და აცხადებენ, რომ საკონსულოში განმარტებები დღეს გაკეთდება.
14 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია ლიბიაში სხვა სამი ქართველი მეზღვაურის (გენადი კომახიძე, ნუკრი ხოხბა და რომა კაკალაძე)  დაკავების შესახებ. 29 სექტემბერს ამ მეზღვაურების ახლობლებმა დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ლიბიის ციხეში საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდული ტვირთის გადაზიდვის ბრალდებით იმყოფებიან.