საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ოთხი მოწმე დაიკითხა. მათ შორის, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ორი ექსპერტი, მაღაზიის გამყიდველი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი.
საქმის ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, აღნიშნული მოწმეების ჩვენების მიხედვით, დავით ახალაის ბრალეულობა არ იკვეთება, ვინიადან, მისივე თქმით, მათ ჩვენებებს ბრალთან შემხებლობა არ გააჩნიათ. დავით ახალაის ადვოკატი ამბობს, რომ ამ დროის განმავლობაში, მათთვისაც გაუგებარია, თუ ვინ მიაყენა სანდრო გირგვლიანს სასიკვდილო ჭრილობები.
რაც შეეხება მაღაზიის გამყიდველის ჩვენებას, ველიჯანაშვილის თქმით, მისთის საერთოდ გაუგებარია, თუ რა დაადასტურა ამ მოწმემ.
– ის მოვიდა და ამბობს, რომ სხვა საქმეზე დაიკითხა და სხვა რაღაცას ელოდა სასამართლოში. ასევე, რაც შეეხება ექსპერტებს, მათ ისაუბრეს გარდაცვალების მიზეზებზე. ვფიქრობ, რომ მათ დაცვისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები დაადასტურეს. შესაბამისად, ამაზე დასკვნით სიტყვაში ვიმსჯელებთ. მნიშვნელოვანი გარემო არის ის, რომ დაცვის მხარეს აინტერესებს, თუ ვინ მიაყენა ჭრილობა სანდრო გირგვლიანს. დავით ახალაის ბრალად არაფერი აქვს შერაცხული. მოწმეებმა -ბიბილურიძემ და აფციაურმა განაცხადეს, რომ გირგვლიანი ისე გაიქცა, თითიც არ დაუკარებიათ. შესაბამისად, ჩვენც გვაქვს კითხვები, ვინ მიაყენა დაზიანებები და საქმე გამოუძიებელი რატომ არის, – განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
ინტერპრესნიუსი

