მღებრიშვილი – “სროლას მარნეულში პოლიტიკურ ჭრილში ნუ განვიხილავთ”

მღებრიშვილი - "სროლას მარნეულში პოლიტიკურ ჭრილში ნუ განვიხილავთ"– გთხოვთ, წინასწარ ვერსიების გავრცელებისგან თავი შევიკაოთ, ნუ განვიხილავთ ამას ცალსახად პოლიტიკურ ჭრილში.

ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მინისტრის განცხადებით, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აქტიურად ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

– მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები. გთხოვთ, წინასწარ ვერსიების გავრცელებისგან თავი შევიკაოთ, ნუ განვიხილავთ ამას ცალსახად პოლიტიკურ ჭრილში. ჩემი თხოვნა იქნება პოლიტიკური სარჩული მოვხსნათ ამ თემას. ჩვენ ვამუშავებთ ყველა ვერსიას, ვფიქრობ, უახლოეს საათებში უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება. რაც მთავარია, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრი არ გამორიცხავს, რომ მარნეულში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე კვალიფიკაცია შეიცვალოს.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე ხდება ინფორმაციების მოძიება და მუდმივ რეჟიმში განახლება. მისივე თქმით, გამოძიების ფარგლებში მუშაობა სხვადასხვა ვერსიაზე მიმდინარეობს.
სოფელ ყიზილაჯლოში “ქართული ოცნების” შტაბთან დღეს საღამოს თავდასხმა მოხდა. შედეგად დაჭრილია ოთხი ადამიანი, მათ შორის “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი. ისინი მარნეულში “ჯეოჰოსპიტალის” კლინიკაში არიან გადაყვანილი.

ინტერპრესნიუსი