ოთარ აბესაძეს დღეს სავარაუდოდ, კლინიკაში გადაიყვანენ

ოთარ აბესაძეს დღეს სავარაუდოდ, კლინიკაში გადაიყვანენქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს ოთარ აბესაძეს დღეს სავარაუდოდ, კლინიკაში გადაიყვანენ. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
ადვოკატ ირმა ჭკადუას განმარტებით, ოთარ აბესაძის ჰოსპიტალიზაცია ექიმების დასკვნაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს, რომელიც დღეს გასაჯაროვდება.

წინასწარ პატიმრობაში მყოფის ფსიქიკური მდგომარეობა მძიმეა, რასაც ადვოკატი დახურული სივრცის შიშს უკავშირებს. კლინიკაში აბესაძეს ფართო სპექტრის კვლევები უნდა ჩაუტარდეს და მომზადდეს საბოლოო დასკვნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

სასამართლოში კი, ამ ეტაპზე საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. არა ერთი შუამდგომლობის მიუხედავად, ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიება არ შეუცვლია და ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რჩება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი აბესაძე 12 ივლისს დააკავა. გამოძიების თანახმად, ოთარ აბესაძე მოქალაქეებს მდინარე მტკვარზე, ტივზე კაფეს მოწყობის ნებართვების დაჩქარებული წესით აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3.000 აშშ დოლარი მოითხოვა.