ნუცუბიძის ფერდობზე მომხდარი ინციდენტის შესახებ შსს ვიდეოს ავრცელებს, სადაც მომხდარის თვითმხილველები კონფლიქტის დეტალებს იხსენებენ. ვიდეოში წარმოდგენილი ორივე თვითმხილველი ადასტურებს, რომ პაატა პავლიაშვილი, რომელიც ინციდენტის დროს გარდაიცვალა, ნასვამი იყო და პატრულს აგრესიულად ექცეოდა.
იგივე გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც აღწერს, თუ რა მოხდა დღეს ნუცუბიძის ფერდობზე მეზობლების კონფლიქტისას პატრულის გამოძახების შემდეგ. უწყების მტკიცებით, 33 წლის კაცი ნასვამი იყო და მის აგრესიულობაზე საპასუხოდ, ადმინისტრაციული წესით დაკავებისას, ის მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა.
თუმცა არსებობენ სხვა მოწმეებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ როცა ახალგაზრდა ცუდად გახდა, მას სამართალდამცველებმა არ დაუჯერეს და დახმარების ნაცვლად, მის დაკავებას ისევ განაგრძობდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
ჟურნალისტი ელისო კილაძე ფიქრობს, რომ პოლიციამ უფლებამოსილებებს გადაამეტა და ამის შესახებ ფეისბუქზე წერს:
“რა მოხდა ნუცუბიძეზე?
თვითმხილველი ამბობს რომ დაკავებული ძირს დააგდეს,თავზე მუხლი დააჭირეს (ნაცნობი ხერხია,დათოც ასე დააკავეს),ბორკილები დაადეს.იძახდა ცუდად ვარო და არ შეეშვნენ.
ახლა იმ ცალტვინა თეა პერტაიას უთხარით ,პატრულის სამხრე კამერების ჩანაწერები გაასაჯაროვოს,და ახსნას საიდან იცის რომ გარდაცვლილი მთვრალი იყო !
ექსპერტიზა ჩატარდა ?”

