პოლიციელი ლაშა კვირკვაია ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის გამო 10.000 ლარით დაჯარიმდა

პოლიციელი ლაშა კვირკვაია ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის გამო 10.000 ლარით დაჯარიმდათბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის პოლიციის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-5 განყოფილების უფროსს ლაშა კვირკვაიას ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის გამო 10.000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, თუმცა წარდგენილ ბრალდებაში სრულად არ ცნო დამნაშავედ.

პოლიციელს ბრალი ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებაში “რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

საქმის მასალების თანახმად, 2015 წლის 8 ნოემბერს, პოლიციელი ლაშა კვირკვაია ადვოკატ გიორგი მდინარაძეს სამმართველოში დაუპირისპირდა. კამათის მიზეზი ადვოკატის დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანის მიერ დუმილის გამოყენების უფლება იყო.

“საქმის არსებითად განხილვისას ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ბრალდებულის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი.

მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად ვერ ცნო ლაშა კ.-ს ბრალდება, მასში, რომ მან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ჩაიდინა ძალადობით. შესაბამისად სასამართლომ ბრალდებულის ქმედება გადააკვალიფიცირა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე. ბრალდებულის პიროვნების და ქმედების ხასიათის გათვალისწინებით, ლაშა კ.-ს სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმა – 12.000 ლარი განესაზღვრა, რაც ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოოდ, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა 10.000 ლარის ოდენობით”, – წერია სასამართლოს განცხადებაში.

იმედინიუსი