რომან გოცირიძე – ”ქვეყანა ვალებში იძირება”

რომან გოცირიძე - ”ქვეყანა ვალებში იძირება”– შეიძლება ხმამაღლა ვთქვათ, რომ ქვეყანა იძირება ვალებში.

ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის შეფასებისას განუცხადა.
– 2 მილიარდით იზრდება ქვეყნის საგარეო და საშინაო ვალი. ბიუჯეტის ხარჯები წინა წელთან შედარებით 950 მილიონით იზრდება და ამ 950 მილიონში არ მოიძებნა არცერთი თეთრი პენსიონერებისთვის, მასწავლებლებისთვის. რაც მთავარია, ეს ფული დაქსაქსულია უამრავ არაეფექტიან ხარჯზე და რეალურად უზარმაზარი ზრდა არ აისახება ქვეყანაში სიღარიბის შემცირებაზე.

ეს ბიუჯეტი, ისევე როგორც წინა ხუთი ბიუჯეტი, არის ქვეყანაში მაკროეკონომიკური არასტაბილურობის შემქმნელი. კვლავ 3%-ზე დიდია დეფიციტი და კვლავ არის ისეთი ხარჯები გაწეული, რომელიც საბოლოო ჯამში ვერ იმოქმედებს ფასების სტაბილურობასა და ლარის სტაბილურობაზე. სამწუხაროდ, მთავრობამ შემოიტანა ბიუჯეტი, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის, – განაცხადა გოცირიძემ.
რაც შეეხება მთავარ პარამეტრს, რომ ეკონომიკა იზრდება 4,5%-ით, რომან გოცირიძის შეფასებით, „ამნაირი ზრდით საქართველო ათეული წლები მაჩანჩალა ქვეყანა იქნება“.
– ვიქნებით იმ მდგომარეობაში და იმ სიღარიბეში, როგორც ახლა. მთავარი პრობლემა ბიუჯეტი კი არ არის, მთავარი პრობლემა არის ის ეკონომიკური შეცდომები და დაბალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც ქმნის იმის აუცილებლობას, რომ ქვეყანამ უზარმაზარი ვალები აიღოს. უნდა შეჩერდეს ვალებით ცხოვრება. ეს ბიუჯეტი და ეს ეკონომიკური ზრდა ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს, – დასძინა გოცირიძემ.

ინტერპრესნიუსი