რუსთავი-წითელი ხიდის გზის მშენებლობა იწყება – სავარაუდო ღირებულება 322 მილიონი ლარია

რუსთავი-წითელი ხიდის გზის მშენებლობა იწყება - სავარაუდო ღირებულება 322 მილიონი ლარია– მომავალ წელს დაიწყება რუსთავი-წითელი ხიდის გზის მშენებლობა, რომლის სავარაუდო ღირებულება 322 მილიონი ლარი იქნება.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვემო ქართლის მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
– ჩვენ ვახორციელებთ რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს მაგისტრალური გზების მოდერნიზაციას. ჩვენი მთავარი მიზანია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, გაზრდილი სატრანზიტო გადაზიდვებისთვის შესაბამისი საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნა.
თბილისი-წითელი ხიდის მიმართულებაზე გრძელდება თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მშენებლობა. უკვე დასრულებულია ერთი ნაწილი, რომლის ღირებულება 95 მილიონ ლარზე მეტია. ახლა მიმდინარეობს ამავე მონაკვეთის მეორე ნაწილის მშენებლობა, რომლის ღირებულება 120 მილიონ ლარამდე გახლავთ.
მომავალი წლიდან დაიწყება რუსთავი-წითელი ხიდის გზის მშენებლობა, რომლის სავარაუდო ღირებულება 322 მილიონი ლარი იქნება. ასევე, მომავალ წელს დაიწყება რუსთავი-სადახლოს მონაკვეთის მშენებლობა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 285 მილიონი ლარი იქნება.
რეგიონში განხორციელდა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი – ქვესადგური „მარნეული 500“, რომლის ღირებულებაც 20 მილიონი დოლარი გახლავთ. ეს ქვესადგური, საგრძნობლად გააუმჯობესებს თბილისისა და ქვემო ქართლის ელექტრომომარაგებასა და ენერგოუსაფრთხოებას, – განაცხადა პრემიერმა.