ერთი ადამიანი დაშავდა თამარ მეფის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, „სუბარუს“ მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბორდიურსა და ავტობუსის გაჩერების აღმნიშვნელ ნიშანს შეეჯახა და ამოტრიალდა.
პირველ არხს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, რომ დაშავებული მძღოლი მრავლობითი დაზიანებებით ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

