თავდასხმა მოხდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებზე, რომლებიც თიანეთში საარჩევნო პროცესს ესწრებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, თამაზ მეჭიაურის შტაბიდან გასვლის შემდეგ მახარე სისაურსა და რამაზ ღვალაძეს უცნობმა პირებმა ჟინვალის ტერიტორიაზე მანქანის გაჩერება მოსთხოვეს. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ კი, მანქანას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. თავად თამაზ მეჭიაური, მომხდარს დაშინების მცდელობას უკავშირებს.
“არაფერს გამოვრიცხავ, არც იმას, რომ ეს სხვების დაშინების მიზნით იყოს, რადგან იქ სხვა მოწმეებიც უნდა მივიდნენ, თუ მარტო ამის ჩვენება საკმარისი არ იქნება, რომლებიც ადასტურებდნენ და მინდობილობებიც ქონდათ, ახსნა-განმარტებებიც ქონდათ უკვე დაწერილი,” – აცხადებს თამაზ მეჭიაური.
ჟინვალის ტერიტორიაზე გვიან ღამით იმყოფებოდა მცხეთა-მთიანეთის სამხარეო პოლიციის უფროსიც, თუმცა მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
ნიუპოსტი

