ცოტა ხნის წინ ვაშლიჯვარში, გოძიაშვილის ქუჩაზე ავტოპროფილაქტიკაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
ადგილზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა უკვე 7 ჯგუფი მუშაობს, რომელთა შორის დაახლოებით 35 მეხანძრე-მაშველია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ხანძარი გავრცელდა 300-400 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ასევე, დაიწვა 2 ტრაილერი. მათივე ინფორმაციით, მომხდარის შედეგად 2 პირი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, მამაკაცებს დამწვრობები სხეულის სხვადასხვა ადგილზე აღენიშნებათ. გარდა ამისა, მათ ჩასუნთქული აქვთ კვამლი.
– 2 დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა . მათ დამწრობა სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე აღენიშნებათ, თუმცა მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. ასევე, მათ ნასუნთქი აქვთ კვამლი, – აღნიშნეს სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის პრესსამსახურში.

