ვისი ვალი აქვს საქართველოს

ვისი ვალი აქვს საქართველოს
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტის თანახმად, მომავალ წელს საქართველო 2 მლრდ 38 მლნ ლარის მოცულობის ახალ ვალს აიღებს, საიდანაც 400 მლნ ლარი შიდა ვალია, 1 მლრდ 638 მლნ ლარი კი – საგარეო ვალი.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოსაყოფი გრძელვადიანი საინვესტიციო, შეღავათიანი კრედიტების მოცულობა 1 მლრდ 288 მლნ ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, 146-146 მლნ ლარის სესხის მიღებას ელოდება მთავრობა გერმანიის განვითარების საკრედიტო ბანკიდან და საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან. ასევე, 58 მლნ ლარის სესხს მიიღებს საქართველო ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში.
2018 წლის ბოლოსთვის სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 18 მლრდ 123 მლნ ლარია, საიდანაც საშინაო ვალის ზღვრული მოცულობა 4 მლრდ ლარამდეა, დანარჩენი კი – საგარეო ვალია.
ამასთან, მრავალმხრივ კრედიტორებს შორის ყველაზე მეტი 5 მლრდ 206 მლნ ლარის ვალი ექნება საქართველოს მსოფლიო ბანკის, მეორე და მესამე პოზიციებზე კი აზიის განვითარების ბანკი (2 მლრდ 911 მლნ 347 ათასი ლარი) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (1 მლრდ 267 მლნ 434 ათასი ლარი) არიან.
ქვეყნების მიხედვით, 2018 წლის ბოლოსთვის ყველაზე მეტი ვალი გვექნება გერმანიის – 870.5 მლნ ლარი, შემდეგ მოდის იაპონია – 634,5 მლნ ლარით და მესამეზეა საფრანგეთი, რომლის ვალიც საქართველოს დაახლოებით, 456 მლნ ლარი ექნება.
საქართველოს მევალეებს შორისაა რუსეთიც 152 მლნ 256 ათას ლარით .
ბიზნესმედია