თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინის მეპატრონე ასლან ჯაბრაილოვი, რომლის ბინაშიც სპეცოპერაციის დროს მოკლულები იყვნენ გამაგრებულები და ამავე საქმეზე დაკავებული რიზვან გორნაკაშვილი წუხელ, გვიან ღამით გაათავისუფლეს. ამის შესახებ “ტელეიმედს” ასლან ჯაბრაილოვის დეიდამ განუცხადა.
სარო გაურგაშვილი ამბობს, რომ მისი დისშვილი თელავშია, ხოლო რიზვან გორნაკაშვილი თბილისში, თუმცა კონკრეტულად სად, უცნობია. მისი ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ასლან ჯაბრაილოვი დღეს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, პანკისის ხეობის სოფელ დუისში დაბრუნდეს.
არსებული ინფორმაციით, ასლან ჯაბრაილოვის ბინა, მისი ცოლისძმის რიზვან გორნაკაშვილის შუამდგომლობით გაქირავდა. ჯაბრაილოვი დილით პოლიციამ ჯერ სოფელ დუისში, შემდეგ კი ახმეტის პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანა. რაც შეეხება რიზვან გორნაკაშვილს, ის სამართალდამცველებმა დააკავეს და, სავარაუდოდ, მოდულის შენობაში ჰყავდათ. ხეობაში ამბობენ, რომ მოდულის შენობაშია გადაყვანილი ასლან ჯაბრაილოვიც.
ცნობილია, რომ ბინა, რომელშიც ტერორიზმში ეჭვმიტანილები იყვნენ გამაგრებულები, პანკისის ხეობაში მცხოვრებ ასლან ჯაბრაილოვს ეკუთვნის. ამასთან, ჯაბრაილოვის ოჯახის წევრები ტერორიზმში ეჭვმიტანილებზე ბინის მიქირავებას უარყოფენ.
სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს საღამოს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.
სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.
ბინას, რომელშიც ტერორზმში ეჭვმიტანილები ცხოვრობდნენ, პანკისის ხეობაში მცხოვრებ ასლან ჯაბრაილოვს ეკუთვნის. ბინის გაქირავებაში კი ცოლისძმა -რიზვან გორნაკაშვილი დაეხმარა, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით დაკავებულია.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ღამით დაიწყო.
იმედინიუსი

