”ბახვი 3 ჰესი“ ნებისმიერ მსურველს სთავაზობს დააბანდოს თავისუფალი ფულადი სახსრები სასესხო ფასიან ქაღალდებში – 10 წლიან ობლიგაციებში.
ობლიგაციების მთლიანი ემისიის ნომინალური ღირებულებაა 1,267,000 აშშ დოლარი.
შესყიდვის მინიმალური ოდენობა – 1,000 აშშ დოლარის ღირებულების 1 ობლიგაცია, ხოლო – წლიურად დარიცხული საპროცენტო განაკვეთი – 9.4%.
ობლიგაციები დენომინირებულია აშშ დოლარში და შესაბამისად სარგებლის გადახდაც აღნიშნულ ვალუტაში განხორციელდება.
– უნიკალური შემთხვევაა, როდესაც დამოუკიდებლად მოქმედი ჰიდროენერგეტიკული ობიექტი სასესხო ინსტრუმენტებს გამოსცემს, – ამის შესახებ ‘’ბახვი 3 ჰესის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ღონღაძემ ’’საქმიან დილასთან“ საუბრისას განაცხადა. მისივე განმარტებით, “ბახვი 3 ჰესის” საჯარო განთავსება საქართველოს ბაზრისთვის ძალიან საინტერესო წინადადებაა.
– ეს საჯარო განთავსებაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ობლიგაციების შეძენა. ერთი ობლიგაციის ღირებულება პირობითად 1.000 აშშ დოლარია, ხოლო მთლიანი ემისიის ნომინალური ღირებულება 1,267,000 აშშ დოლარი და მსურველს ნებისმიერი რაოდენობის ობლიგაციის შეძენა შეუძლია. ობლიგაცია 10 წლიანი ვადით არის, საპროცენტო განაკვეთი 9.4%-ია, რაც საკმაოდ მაღალია. ბანკთან შედარებით შესაძლოა 4-ჯერ უკეთეს პირობასაც ვთავაზობთ, სადეპოზიტო ანაბრების მიმართ გამოყენებულ პროცენტებს და სასესხო განაკვეთს თუ გავითვალისწინებთ.
ობლიგაციები დენომინირებულია აშშ დოლარში და შესაბამისად გადახდაც აღნიშნულ ვალუტაში განხორციელდება. გადახდები ყოველ 6 თვეში ერთხელ იწარმოება. შესაძლოა სასესხო ვალდებულების გადაფარვაც მოვახდინოთ ჩვენი დამფინანსებელი ბანკის – ’’თიბისი“ ბანკის წინაშე. წინასწარ განსაზღვრულია თარიღი, როდესაც ობლიგაციების განაღდება მოხდება და ვფიქრობ, რომ ეს საქართველოს ბაზრისთვის ძალიან საინტერესო წინადადებაა, – აცხადებს ’’ბახვი 3 ჰესის“ აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ ღონღაძე.
„ბახვი 3 ჰესი” წარმოადგენს გურიის რეგიონში, მდინარე ბახვისწყალზე მდებარე ახლადაშენებულ ჰიდროენერგეტიკულ ობიექტს, 9.8 მეგავატი დადგმული სიმძლავრითა და 41 გიგავატ/სთ საშუალო წლიური გამომუშავებით, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს 2015 წლის ზაფხულიდან და ახორციელებს წარმოებული ელექტროენეგიის მიწოდებას საქართველოსა და თურქეთის ბაზრებზე
„ბახვი 3 ჰესი“ შპს “ბახვი ჰაიდრო პაუერ”- ის კუთვნილებაა, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ საწარმოს.
ბიზნესმედია

