ბორის ფარულავა – ”ციხის კადრები მე და რამდენიმე თანამოაზრემ გადავიღეთ”

ბორის ფარულავა - ”ციხის კადრები მე და რამდენიმე თანამოაზრემ გადავიღეთ”– ციხის კადრები მე და რამდენიმე თანამოაზრემ გადავიღეთ და ჩვენს ქმედებასთან ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებს კავშირი არ ჰქონიათ.

ამის შესახებ ზურაბ ადეიშვილისა და დავით ჭაკუას სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმემ, ბორის ფარულავამ, მეტსახელად “ბასტიმ”, განაცხადა.

”ბასტი” 2012 წელს სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი იყო სწორედ იმ დროს, როდესაც მოხდა კარანტინის დაშლა.
მოწმემ გაიხსენა 2012 წლის მოვლენები და აღნიშნა, რომ ციხეში მომხდარი უკანონობების გადაღება რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად გადაწყვიტა, მათ შორის დაასახელა ვლადიმერ ბედუკაძე. მან ისიც აღნიშნა, რომ ერთ დღეს ის ადმინისტრაციულ კორპუსში დაიბარეს და დაკითხეს მისთვის უცნობმა პირებმა, რომ არსებობდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ”ვიღაც პირს ციხის კადრები გაჰქონდა საჯაროდ”.
– ჩემი უშუალო უფროსი ლევან ფურცხვანიძე, ასევე ეს უცნობი პირები მეუბნებოდნენ, თუ რა კავშირი მქონდა ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე თამაზ თამაზაშვილთან და თამაზ ელიზბარაშვილთან. ისინი ცდილობდნენ, სისტემური პრობლემები გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისთვის მიეწერათ, – განაცხადა მოწმემ სასამართლოზე.
აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულები არიან ზურაბ ადეიშვილი და დავით ჭაკუა. მათ ბრალი პატიმრების წამების ინსცენირებაში ასევე დანაშაულის პროვოცირებაში და მტკიცებულებათა ფალსიფიცირებაში ედებათ.