„ჩვენ ვცხოვრობთ ევროპული ფასებით და ქართული ხელფასით“ – შემოსავლები და ხარჯები ევროპასა და საქართველოში

„ჩვენ ვცხოვრობთ ევროპული ფასებით და ქართული ხელფასით“ - შემოსავლები და ხარჯები ევროპასა და საქართველოშიევროპის ბაზართან შედარებით ადგილობრივ ბაზარზე ხელფასების თანაფარდობა და მსყიდველთუნარიანობა საკმაოდ დაბალია.

კერძოდ გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი ფაქტმა“ ადგილობრივი სამომხმარებლო ფასები და ხელფასები შეადარა პრაღის, ბერლინის, ბრიუსელის და ტალინის ფასებსა და ხელფასებს.

აღმოჩნდა, რომ საშუალო ხელფასი ეროვნულ ვალუტაში ასე გამოიყურება: ბრიუსელი – 9.800 ლარი, ბერლინი – 7.677 ლარი, ტალინი – 2.769 ლარი, პრაღა – 2.400 ლარი, თბილისი – 662 ლარი (2016 წლის მონაცემები).

ცნობილია, რომ ბოლო წლებში საშუალო ხელფასის ოდენობამ  900 ლარს მიაღწია, თუმცა ევროპის ქალაქებთან შედარებით მაინც მკვეთრად დაბალი მაჩვენებელია.

– საშუალო ხელფასი ჩვენთან გადასახადების გამოქვითვის შემდეგ არის პროპორციული, ევროპაში უფრო პროგრესულია, მიუხედავად ამისა, დაახლოებით 5-ჯერ უფრო დაბალია ხელფასი, ვიდრე ევროპაში. საშუალო ხელფასის სიდიდე დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. საქართველო არ მიეკუთვნება მაღალგანვითარებულ ქვეყნებს,- განაცხადა სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ.

– ბოლო მონაცემებით, რომლებიც საქსტატმა გამოაქვეყნა, 900 ლარზეა მეტია საშუალო ხელფასი, თუმცა ეს არსობრივად არ ცვლის მდგომარეობას. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ დღეს საქართველო არის საშუალო შემოსავლების ქვედა ქვეყნების რანგში. საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნები იყოფა რამდენიმე კატეგორიად და ჩვენ ყველაზე დაბალ კატეგორიაში ვართ, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოების კვლევის ცენტრის“ მკვლევარმა თორნიკე ჩივაძემ.

ფასები პროდუქტებზე ასე გამოიყურება:

1 ლიტრი რძე პრაღაში 1.66 ლარი ღირს, ბერლინში 1.77, ტალინში 1.41, ბრიუსელში 2.72 , ხოლო თბილისში 1.68 ლარი. პური პრაღაში 1.90 ლარი ღირს, ბერლინში 3.14 , ტალინში 1.95, ბრიუსელში 4.83 , ხოლო თბილისში 85 თეთრი. ანუ თბილისში პროდუქტზე ფასი საკმაოდ დაბალია, თუმცა იმის გამო, რომ საქართველოში შემოსავალი დაბალია, სურსათზე გაწეულ ხარჯებს შემოსავლების დაახლოებით 70%-ია. პრაღაში აღნიშნულ სურსათზე შემოსავლის 2.4% მიდის, ბერლინში 1.1%, ტალინში 2.1%, ბრიუსელში 1.2%, თბილისში კი 5.2%.

– რა არის ჩვენი საშუალო შემოსავალი და მის რა პროცენტს ვხარჯავთ სურსათზე და რა პროცენტს ხარჯავს, ვთქვათ, გერმანელი, რომელიც იქ ყიდულობს პურს. გამოდის, რომ ჩვენთან საკვები უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ევროპაში, სადაც ხელფასი მაღალია. ჩვენი ქვეყნის მონაცემებით ჩვენ ჩამოვუვარდებით უკრაინასაც კი. უფრო მეტად ვგავართ ჩვენი რეგიონის ქვეყნებს. რომ შევაჯამოთ საერთო სურათი – ჩვენ ვცხოვრობთ ევროპული ფასებით და ქართული ხელფასით, – განაცხადა „აი ფაქტის“ ჟურნალისტმა, კვლევის ავტორმა ნინო ბაქრაძემ.

სპეციალისტების შეფასებით ეკონომიკური ზრდა პირველ რიგში უნდა აისახოს პიროვნების შემოსავალზე და ქვეყანაში არსებულ სოციალურ ფონზე. ამ შემთხვევაში საშუალო შემოსავლის ოდენობასა და პროდუქტების თანაფარდობის დისბალანსის პრობლემაც მოგვარდება და გაიზრდება მოსახლეობის მსყიდველთუნარიანობა.

მათივე თქმით, სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ლარის კურსი დოლართან მუდმივად ეცემა, საქართველო კი იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, შესაბამისად, პროდუქცია, რომელიც უცხოეთიდან შემოდის, ძვირდება.

– უახლოესი წლების პოლიტიკა უნდა იყოს, რომ გავიმყაროთ ადგილი საშუალო განვითარების ქვეყნების რიგში, მათ შორის ხელფასების ზრდისა და ხელფასების მიმღებთა რაოდენობის თვალსაზრისით, – განაცხადა სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ.

ბიზნესკოდი