დაკავებული ტერორისტი სურხო დუდაევია?

დაკავებული ტერორისტი სურხო დუდაევია?22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე ს.დ.-ს სავარაუდო ვინაობა ცნობილია – ,,პირველი რადიოს“ ინფორმაციით, ის ჩატაევის დაცვის წევრი სურხო დუდაევია.

იმას, რომ სურხო დუდაევი ჩატაევის დაჯგუფებისა და მისი დაცვის წევრია, ,,ნიუპოსტს“ რამდენიმე სხვადასხვა წყარომაც დაუდასტურა.

დუდაევი ფიგურირებდა 2012 წელს, ლოპოტას სპეცოპერაციის დროსაც. ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც მაშინ შეიარაღებულ დაჯგუფებასთან მოსალაპარაკებლად მიიყვანეს, იხსენებდა, რომ იქ ნახა 5-6 ადამიანი, რომელთაგან ორი იცნო – სურხო დუდაევი, რომელსაც თბილისში ადრეც შეხვედრია და ინგუში ასლანი.

ცნობისთვის: ანტიტერორისტული ოპერაციის დასრულების შემდეგ, სამართალდამცავ სტრუქტურებს შეიარაღებული დაჯგუფების წევრების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ. დაკავებულის ვინაობის შესახებ არ საუბრობს სახაზინო ადვოკატიც, ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაკავებული რუსეთის მოქალაქეა.