დავით ეჟიშვილი, რომელიც კომპანია „სალვუს დეველომპენტის“ დამფუძნებელს, გიორგი სოზაშვილს იარაღით მუქარაში ადანაშაულებს, აცხადებს, რომ მან პროკურორ ძმას მხოლოდ დასახმარებლად დაურეკა და ის ამის შემდეგ მივიდა ადგილზე.
– ამ ადამიანმა, ბატონმა გიორგი სოზაშვილმა, ჩემზე მუქარა განახორციელა, მითხრა, რომ დამხვრეტდა. გამიყვანა გვერდზე ე.წ. ხელკავით და მეუბნება, რომ სამუდამოდ დაგადუმებო. შემდეგ ჩემ ძმასაც დაემუქრა. როდესაც ჩემი ძმა მოვიდა, მოითხოვა, რომ სად არის ბატონი გიორგი, რომ გავესაუბრო, მიუთითეს კაბინეტისგან, საიდანაც ბატონმა გიორგიმ შიშველმა ასე მიუთითა: შემოდი ბიჭო, აქეთო. ჩემი ძმა გამოვიდა გაფითრებული, გაკვირვებული, რომ ეს ადამიანი ჩემზეც ახდენდა მუქარასო,- განაცხადა დავით ეჟიშვილმა.
ამჟამად დაკითხვაზე იმყოფება ეჟიშვილის მეუღლე, რომელიც „სალვუს დეველომპენტის“ ცენტრალურ ოფისში მომხდარი კონფლიქტის ერთ-ერთი თვითმხილველია.
საგამოძიებო დეპარტამენტში დაკითხვაზე მივიდა “სალვუს დეველოპმენტის” დამფუძნებლის მეუღლე ანი მურვანიძე, რომელიც აცხადებს, რომ ეჟიშვილის ბრალდება, რომ კომპანიის მფლობელს იარაღით ემუქრებოდა, ტყუილია.
– ვაპირებ სიმართლის თქმას. რასაც მეორე მხარე ამტკიცებს, ჩვენი და სხვა მოწმეების მხრიდან დამტკიცდა კიდეც, რომ სიცრუე იყო, – განაცხადა ანი მურვანიძემ.

