დავით შათირიშვილი გოგა ონიანის განაჩენზე – ”არავის ციხეში ჩასმა არ მიხარია, მაგრამ სამართლიანობა აღდგა”

დავით შათირიშვილი გოგა ონიანის განაჩენზე - ”არავის ციხეში ჩასმა არ მიხარია, მაგრამ სამართლიანობა აღდგა”– არავის ციხეში ჩასმა არ მიხარია და არ მსიამოვნებს – კაცია თუ არაკაცი, უფალმა განსაჯოს, მაგრამ სამართლიანობა რომ აღდგა, დიდად დასაფასებელია, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გოგა ონიანის ბრალდების საქმეზე ერთ-ერთმა დაზარალებულმა დავით შათირიშვილმა, ონიანის მიმართ გამოტანილი განჩენის შეფასებისას განუცხადა.
როგორც შათირიშვილმა აღნიშნა, დამტკიცდა ის, რისთვისაც წლების განმავლობაში იბრძოდა, რომ ის მართალია და არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია.
– ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას და ამიტომაც ვიბრძოლე, რომ ეს განაჩენი დამდგარიყო. არავის ციხეში ჩასმა არ მიხარია და არ მსიამოვნებს. კაცია თუ არაკაცი, უფალმა განსაჯოს, მაგრამ სამართლიანობა რომ აღდგა, დიდად დასაფასებელია. მე თავიდანვე რასაც ვამტკიცებდი, ის დავამტკიცე, რომ მართალი ვიყავი და ვარ კიდეც. დამაკავეს არაფრის გამო, – განაცხადა შათირიშვილმა.
მან ასევე 2011 წელს მისი დაკავების დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლიდან ზუსტად 7 დღეში დააკავეს.
– დამაკავეს იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ ლოგოიანი მაისურები დავბეჭდე. მე ვასრულებდი იმ პერიოდში ჩვეულებრივ დაკვეთას და თურმე არ ყოფილა ჩვეულებრივი დაკვეთა. პოლიტიკაში მოსვლაზე ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან ზუსტად 7 დღეში მოხდა ჩემი დაკავება. მამაჩემის დაბადების დღე იყო და ასეთი ლამაზი საჩუქარი გაუკეთეს ჩემს ოჯახს არაფრის გამო. თვითონ ონიანი ესწრებოდა ჩემს დაკავებას. თავად პოლიციელებმა დაადეს ხელი ონიანს და თქვეს, რომ მის ბრძანებას ასრულებდნენ. რაც შეეხება ნარკოტიკულ საშუალებას, ის უკვე პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ დადო მაგიდაზე და მითხრა, რომ ეს ჩემგან ამოიღო, – განაცხადა შათირიშვილმა.
ნაციონალური მოძრაობის წევრს, ადვოკატ გიორგი ონიანს სასამართლომ დღეს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

გიორგი ონიანს ბრალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით. პროკურატურა მას ორ ეპიზოდს ედავებოდა. გამოძიების ინფორმაციით ერთ შემთხვევაში გიორგი ონიანმა 2011 წელს “ქართული ოცნების” ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის “დაო პრინტის” მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა და ნარკოტიკული საშუალების ჩადებით, მას ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წაუყენა.

გამოძიების ინფორმაციით ამავე სცენარით მოხდა ასევე “ქართული ოცნების” კიდევ ერთი მხარდამჭერის ლევან მდინარაძის, მეტსახელად დიჯეი რემბოს დაკავებაც.

ონიანს ორივე ეპიზოდთან დაკავშირებით აღკვეთის ღონოსძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული.

ინტერპრესნიუსი