ელჩი ნანობაშვილი: საბერძნეთში წამებისთვის დაკავებულებიდან 3 ქალი სასამართლომდე გაათავისუფლეს

ელჩი ნანობაშვილი: საბერძნეთში წამებისთვის დაკავებულებიდან 3 ქალი სასამართლომდე გაათავისუფლესსაბერძნეთში საქართველოს ელჩი იოსებ ნანობაშვილი საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ მორიგ მიმართვას Facebook-ზე ავრცელებს.

მიმართვა შეეხება ქართველების მიერ 85 წლის ქალის გაძარცვის, ცემისა და ცხელი უთოს გამოყენებით წამებას, რის გამოც 8 ქართველი დააკავეს.

“საბერძნეთის სამართალდამცავ სტრუქტურებთან ყოველდღიური კომუნიკაციის შედეგად, საელჩოს აქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ საქართველოს 3 მოქალაქე ქალბატონი, რომლებთან დაკავშირებითაც ქართული დიასპორის ზოგიერთი წარმომადგენელი წუხილს გამოთქვამდა, მხოლოდ სასამართლო პროცესამდეა გათავისუფლებული, თუმცა ბრალი არ მოხსნიათ. საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურმა შესთავაზა საქართველოს მოქალაქეებს შეხვედრა და მათი საკითხის დეტალურად განხილვა, ველით მათგან შესაბამის რეაგირებას და კვლავ მზად ვართ შეხვედრისა და კომპეტენციის ფარგლებში დახმარებისთვის. ზემოხსენებული სამი ქალბატონის ფოტოების გავრცელებასთან და ამ პირების, ამავე პერიოდში ჩადენილ, სხვა დანაშაულთან დაკავშირების თაობაზე, გაცნობებთ, რომ საბერძნეთის შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში უზუსტობები არ აღმოჩნდა, შეცდომები დაშვებულია ინფორმაციის გავრცელებისას ზოგიერთი ბერძნული სააგენტოს მიერ და საქართველოს საელჩო მათთან აქტიურად მუშაობს ხარვეზების გამსოწორების მიზნით”, – წერია იოსებ ნანობაშვილის მიმართვაში.

ნანობაშვილმა მიმართვა 4 ნოემბერსაც გაავრცელა. მაშინ წერდა, რომ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებული კრიმინალური შემთხვევების არსებობა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობებში უმთავრეს პრობლემად რჩება.

იმედინიუსი