ბათუმში ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა აუქციონზე ფასდაკლებით, 9 მილიონად, იყიდება

ბათუმში ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა აუქციონზე ფასდაკლებით, 9 მილიონად, იყიდებააჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაზე და მის მიმდებარე ინვენტარზე აუქციონს კიდევ ერთხელ აცხადებს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული, ჯამში 2623,4 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის და ქ. ბათუმში, მ. აბაშიძის ქუჩა N25-ში მდებარე ეროვნული ბანკის ყოფილ შენობასთან დაკავშირებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის ერთ ლოტად, პრივატიზების მიზნით, განმეორებით, 40%-იანი ფასდაკლებით, პირობებიანი ელექტრონული აუქციონი ცხადდება.
აუქციონის საწყისი ფასი 9 მილიონი ლარია და 16 ნოემბერს დასრულდება.
უძრავ ქონებას გააჩნია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
აუქციონის პირობების მიხედვით, აღნიშნულ პროექტში ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 თვის ვადაში არანაკლებ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. ამასთან მყიდველი ვალდებულია საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში არანაკლებ 20 ნომრიანი სასტუმროს და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტ(ებ)ის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში, არანაკლებ 50 მოქალაქის დასაქმება უზრუნველყოს.
შეგახსენებთ, რომ ფასდაკლებამდე შენობის პრივატიზების ფასი 15 მილიონი ლარი იყო.
ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა აუქციონზე რამდენჯერმე იყო გამოტანილი, თუმცა ვერცერთხელ გაიყიდა.
ბიზნესმედია