„ღვინის ექსპორტის ზრდის და წარმატების მთავარი მიზეზი არის ის, რომ დარგი შეთანხმებულად მუშაობს“ – ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“, „ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა“ გიორგი სამანიშვილმა განაცხადა.
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი 10 თვის მონაცემით 59%-ით გაიზარდა. როგორც სამანიშვილი აღნიშნავს, წლის ბოლომდე დადებითი ტენდენცია გაგრძელდება და ექსპორტზე დაახლოებით 70 მილიონი ბოთლი გავა.
– წლის დასაწყისიდან მოყოლებული ექსპორტი ყოველთვიური ანალიზით დაახლოებით 60%-ით გაიზარდა. ოქტომბერში დაახლოებით სამოცი მილიონი ბოთლი გავიდა ექსპორტზე.
წლის ბოლომდე ეს დადებითი ტენდენცია გაგრძელდება და ვვარაუდობთ, რომ ქართული ღვინის ექსპორტი დაახლოებით 70 მილიონ ბოთლზე ავა. ექსპორტზე გასული ღვინის რაოდენობრივი მონაცემები წლის ბოლოს რეკორდული იქნება. ამ წარმატების მთავარი მიზეზი არის ის, რომ დარგი შეთანხმებულად მუშაობს, – განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.
„ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის“ თქმით, ქართული ღვინო ძირითადად – რუსეთში, უკრაინში, ჩინეთში, ყაზახეთში, პოლონეთში, ასევე გერმანიასა და აშშ-ში გადის.
სამანიშვილის აზრით, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ხარისხის კონტროლი, რათა შევინარჩუნოთ ის დადებითი იმიჯი, რაც ახალ ბაზრებზე გვაქვს.
– საბედნიეროდ, საქართველოში მოქმედი ყველა კომპანია ახერხებს, იმ სტანდარტებში ჩაჯდეს, რაც ხარისხიანი ღვინის წარმოებას გულისხმობს. ეს ხარისხი უნდა შევინარჩუნოთ. სტრატეგიული გადაწყვეტილებების შეთანხმება ღვინის კომპანიებთან ხდება და ჩვენ მათ ინეტრესებს მუდმივად ვითვალისწინებთ, – განაცხადა სამანიშვილმა.
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი, 10 თვის მონაცემით, 59%-ით გაიზარდა.
2017 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 61 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 59%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 134,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 52%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.
ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი – 41% (6.086.733), რუსეთი – 87% (38.355.125), უკრაინა – 48% (6.237.652), პოლონეთი – 18% (2.151.342), ლატვია – 31% (1.279.718), ბელარუსი – 42% (1.318.852), აშშ – 68% (394.464), გერმანია – 57% (367.342), ისრაელი – 149% (180.824), საფრანგეთი – 187% (98.194), აზერბაიჯანი 76% (102.342) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი – 38.355.125, უკრაინა – 6.237.652, ჩინეთი – 6.086.733, ყაზახეთი – 2.671.845 და პოლონეთი 2.151.342 ბოთლი.
ამასთან, მსოფლიოს 22 ქვეყანაში ექსპორტირებულია 13.630.421 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 91%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 29,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი – მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 83%-ს აღწევს.
საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 219.183 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 198% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 664,6 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 154%-ს მიაღწია.
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 222,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს – ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 50% შეადგინა.
კომერსანტი

