სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ეჭვი არის, რომ სპეცოპერაციის დროს მოკლული შეიძლება, ჩატაევი იყოს, მაგრამ დადასტურებით ვიტყვით ექსპერტიზების შემდეგ.”ეს განცხადება გომელაურმა ქაშუეთის ეკლესიაში გააკეთა, სადაც სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
– სპეცოპერაციის ახალ დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ჩაერთნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკული მხარე, ჩართულები არიან შესაბამისი სამსახურები. მათ ჩვენზე მეტად გამოცდილი სპეციალისტები ჰყავთ როგორც საექსპერტო, ასევე საგამოძიებო მიმართულებითაც და ერთობლივად ვაწარმოებთ გამოძიებას.- განაცხადა გომელაურმა.
სუს-ის ხელმძღვანელი ჟურნალისტებთან საუბარში შესაძლო საფრთხეების დეტალებზეც არ საუბრობს. მისი თქმით, მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა მისივე განცხადებით, იყო ოპერატიული ინფორმაცია შესაძლო საფრთხეების შესახებ.
სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.
41 წლის სპეცრაზმელი კონტრტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობისას თავის არეში დაიჭრა. კლინიკაში მიყვანისას მას ქალატვინის მძიმე ტრავმა აღენიშნებოდა, რის გამოც მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ივანე გოლაშვილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.
სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.
იმედინიუსი

