ჰიპერმარკეტ „გორგიას“ დამფუძნებლის გია გორგოშაძის გატაცების მცდელობის საქმეზე ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება.
დაცვის მხარე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. თავის მხრივ, პროკურორი აცხადებდა, რომ სახეზეა მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები, კერძოდ მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებათა განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, რის გამოც ბრალდებულები პატიმრობაში უნდა დარჩენილიყვნენ.
დღევანდელ პროცესზე მხარეებმა ასევე მტკიცებულებათა დასაშვებობაზეც იმსჯელეს.
დაცვის მხარე გამოძიების გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას ითხოვს. კერძოდ, ადვოკატებმა იშუამდგომლეს, რომ დაუშვებლად იქნას ცნობილი გამოძიების ეტაპზე რამაზ მენთეშაშვილის მიერ მიცემული ჩვენება, სადაც ის დანაშაულს აღიარებს.
როგორც მენთეშაშვილის ადვოკატმა ნათელა ჩერქეზიამ აღნიშნა, ბრალდებულს გამოკითხვის ოქმის ყველა ფურცელზე არ აქვს ხელი მოწერილი რაც საპროცესო ნორმების დარღვევაა. შუამდგომლობების დაყენების შემდეგ პროცესი გადაიდო.
მოსამართლე მტკიცებულებების დასაშვებობასა და დაუშვებლობაზე გადაწყვეტილებას 5 დეკემბრის სხდომაზე მიიღებს.
12 ოქტომბრის ღამეს, წყნეთის გზატკეცილზე სპეცოპერაცია ჩატარდა – სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფი აიყვანეს. მათი ინფორმაციით, ვასილ ვასილიადი, თამაზ მენთეშაშვილი, გურამ დგებუაძე და დავით ფოცხიშვილი სამშენებლო ჰიპერმარკეტების ქსელ “გორგიას” მფლობელის, გია გორგოშაძის გატაცებას გეგმავდნენ. სამართალდამცველებმა იმავე ღამით, პარალელურად ბიზნესმენის ყოფილი მეუღლის, ნინო დარსალიას ბინა გაჩხრიკეს, საიდანაც კომპიუტერი და მობილური ტელეფონები ამოიღეს. გამტაცებლებს გამოსასყიდის სახით ბიზნესმენისგან 5 მილიონი დოლარი უნდა მოეთხოვათ.
ინტერპრესნიუსი

