– ლარში ფასდადებამ დეველოპერულ ბაზარზე დადებითი გავლენა მოახდინა, – ასე აფასებს პარლამენტარი და “არქი ჯგუფის” დამფუძნებელი, ილია წულაია ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების ეფექტს. კანონში გაჩენილი ახალი ჩანაწერის მიხედვით, 2017 წლის 1 ივლისიდან მეწარმეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან მომსახურების გაწევის შეღავაზების ან რეკლამირების ფასის ლარში გამოხატვა სავალდებულო გახდა.
ცვლილებები შეეხო მათ შორის სამშენებლო სექტორსაც, რომლებიც ფართების რეალიზაციას აქამდე დოლარში ახორციელებდნენ.
დეველოპერული კომპანია “არქი ჯგუფის” დამფუძნებლის თქმით, ლარში ფასდადებამ მომხმარებელში სანდოობის განცდა გააჩინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი აღარ არიან დამოკიდებული კურსის ცვლილებაზე.
– მე ვიტყოდი, რომ ლარიზაციამ მოახდინა დადებითი გავლენა, იმიტომ რომ ხალხი ძირითადად ყიდულობს ბინებს განვადებით, ბანკის კრედიტებით და როდესაც მომხმარებელს ბანკის კრედიტი აქვს ლარში, მან იცის, რომ ყოველთვიურად საკუთარი ხელფასიდან რამდენი ლარის გადახდა მოუწევს და მას არ უწევს ყოველდღიურად კურსზე ყურება და შესაბამისად, ეს არ ანელებს გაყიდვების პროცესს. როდესაც კურსის თამაში მიდიოდა, ეს იწვევდა გაყიდვების ტურბუნენტულობას ბაზარზე და კლიენტები გადადიოდენენ მოლოდინის რეჟიმში. ამ შემთხვევაში ეს პრობლემა მოხსნილია და ეს იყო ძალიან კარგი რეფორმა, – აცხადებს ილია წულაია.
ბიზნესმედია

