ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის ადვოკატი იმედა ქარქაშაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბრალდებული პირი სურხო დუდაევია.
შესაბამისი განცხადება ადვოკატმა, ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” გააკეთა.
ადვოკატმა კიდევ ერთხელ უარყო სახელმწიფო ბრალდება და აღნიშნა, რომ საქმის მასალებში რაიმე მტკიცებულება, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირს დაადასტურებს, არ არსებობს.
– სურხო დუდაევს მე არ ვიცნობ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სუხო დუდაევი არ არის. ვიდეო და აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით კითხვა იყო დასმული და უბრალოდ განვაცხადე, რომ მსგავსი რამ ბრალდების მხარეს საქმეში არ აქვს. რაც შეეხება მის მონაწილეობას, კონტაქტებს და კავშირებს, რომელიმე ტერორისტულ დაჯგუფებასთან, ასეთი რამ არ არსებობს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ასეთი მტკიცებულებები არ არსებობს, – განაცხადა იმედა ქარქაშაძემ.
ადვოკატი არ ადასტურებს ინფორმაცის, რომ მისი კლიენტის დაკავება გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოხდა.
მისი თქმით, ბრალდებულის აყვანა აღნიშნული ტერიტორიიდან მოშორებით, სპეცოპერაციის დაწყებამდე 4-5 საათით ადრე მოხდა.
ადვოკატი იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო ბრალდებულს წინასწარ პატიმრობას გაუუქმებს, ვინაიდან რამე მტკიცებულება, დაკავებული პირის ბრალეულობის შესახებ, არ არსებობს.
მისივე განცხადებითვე, როდის მოხდება საქმის დეტალების გასაჯაროება და ბრალდებული პირის ვინაობის გამხელა, ეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სურვილზეა დამოკიდებული.
ინტერპრესნიუსი

