ლაურა რეხვიაშვილი: “მრცხვენოდა გამხელა, რომ ქეთი დოლიძემ არ შემიშვა თეატრში”

ლაურა რეხვიაშვილი: "მრცხვენოდა გამხელა, რომ ქეთი დოლიძემ არ შემიშვა თეატრში"მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი ჟურნალ “სარკესთან” პირველად საუბრობს იმ დაპირისპირებაზე, რაც თურმე მასა და თუმანიშვილის ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელს, რეჟისორ ქეთი დოლიძეს შორის არსებობდა. შეგახსენებთ, რომ ქეთი დოლიძემ მას საჯაროდ, სოციალური ქსელით მიმართა: “ლაურა, ხელი რატომ მოუწერე სიხარულიძეს?! ჯერ მისი შეთქმულება გააკრიტიკე და უარი უთხარი, მერე “მოგატყუეს”, ქეთი უკვე გაშვებულიაო და შეცვალე გადაწყვეტილება?! “გაუპრავე” სამინისტროს, რომელსაც აკრიტიკებ?”.

ლაურა რეხვიაშვილი “სარკესთან” ყვება:

– მიუხედავად იმისა, რომ თეატრში არ დარჩა ადამიანი, ვინც ქეთი დოლიძემ არ დაწყევლა ან შეურაცხოფა არ მიაყენა, მისთვის არავის აუკრძალავს, იყოს რიგითი რეჟისორი, რადგან მას აქვს დამსახურება.

– მან ღალატში საჯაროდ დაგადანაშაულათ, თქვენ კი პასუხი არ გაეცით. ამის სურვილი არ გქონდათ თუ თავი აარიდეთ გამწვავებას?

– ამაზე პასუხი უკვე გავეცი, შეტყობინება გავუგზავნე და თქვენც გეტყვით: ვინც მას თეატრში სარეჟისორო საქმიანობას აუკრძალავს, პირადად გადავეფარები, თუმცა მსგავსი აზრი არ არსებობს. მას, როგორც რეჟისორს, უფლება არ ჩამოართვეს, ისუბრალოდ გაათავისუფლეს სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან, რომელსაც პირადად მე მხარი დავუჭირე.

ჩემთვის და დასის არც ერთი წევრისთვის არავის უკითხავს, რას ფიქრობთ, გავათავისუფლოთ თუ არა ქეთი დოლიძეო. არც დანიშვნა უკითხავთ, სხვათა შორის. ქეთი დოლიძე არცერთხელ მოსულა თეატრში, როგორც კონკურსში გამარჯვებული.

ერთი პერიოდი დასში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რომ ქეთი დოლიძე გაეთავისუფლებინათ სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან, მაგრამ ხელი არ მოვაწერე, რადგან არც დანიშვნა მკითხეს თავის დროზე.

ამ ადამიანს ყველა მთავრობა ყოველთვის ასე ნიშნავდა, ამიტომ ამ ქალმა დაიჯერა, რომ ჯერ თვითონ იყო ამქვეყანაზე, მერე – სახელმწიფო, პრემიერმინისტრი, თეატრი და მერე არტისტები. თვითონ ვერაფრით წარმოედგინა, რომ ერთ მშვენიერ დღეს სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ იქნებოდა, თორემ მე, პირადად, მქონდა ეს წარმოდგენილი. თუმცა ამას თუ ასეთი ხმაური მოჰყვებოდა, ამას ვერ წარმოვიდგენდი.

– მის გარშემო რატომ შეიკრა ასეთი უარყოფითი წრე, რატომ გაუჩნდა ამდენი მოწინააღმდეგე, თავის საქმეს არ ასრულებდა კარგად?

– ის არ იყო კარგი სამხატვრო ხელმძღვანელი, მით უმეტეს, ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ ღრმა ბავშვობიდან მოვდივართ ერთად. ჩვენი გემოვნება ერთმანეთს საერთოდ არ ემთხვეოდა. არასდროს გამომითქვამს სურვილი, მის პროექტებში მიმეღო მონაწილეობა. ის არც მთავაზობდა და სწორადაც იქცეოდა. მე ეს პრობლემად არ მიქცევია.

– მაგრამ რაღაც პრობლემა, როგორც ჩანს, მაინც გქონდათ.

– როგორ შეიძლება პრობლემა არ ყოფილიყო და არ გამჩენოდა უსამართლობის გრძნობა, როცა სამი დიდი რეჟისორი მოდიოდა ლაურა რეხვიაშვილთან თეატრში სამუშაოდ და სამხატვრო ხელმძღვანელმა არც ერთი შემოუშვა მხოლოდ იმიტომ, რომ მე არ მეთამაშა სპექტაკლებში?!

ლალი ნიკოლაძეს, რომელიც თურქეთის გურუა, ბოლო მომენტში უთხრა უარი, არადა მე უკვე საჯარო ბიბლიოთეკაში დავდიოდი, თუმანიშვილის მუშაობის პერიოდის აპლიკაციები მქონდა ამობეჭდილი და როლის საუკეთესო გარდასახვისთვის ვემზადებოდი.

პედრო, რომელიც არის მოლდავეთის რობერტ სტურუა, საქართველოში მოდიოდა იმისთვის, რომ რამაზ იოსელიანისთვის და ჩემთვის სპექტაკლი დაედგა, კაცმა ორჯერ აიღო ბილეთი და ორჯერვე გააუქმა.

მესამე სპექტაკლი, “ჰელვერის ღამე”, თეატრში “თეატრი ათონელზე” ვითამაშე, რადგან დოლიძემ არც მე და არც იოსელიანი თუმანიშვილის თეატრში სათამაშოდ არ შეგვიშვა. ისეთი კარგი სპექტაკლი გამოვიდა, ვისაც არ სჯერა, მოვიდეს და ნახოს.

ამ სპექტაკლის შემდეგ ჯერ მილოცავენ და მერე იმას აყოლებენ, თუ რატომ არ ვთამაშობ იმავეს თუმანიშვილის თეატრში. ყველას ხომ ვერ ეტყვი, რომ დოლიძემ არ შემიშვა? ახლობლების გარდა, არავისთვის მითქვამს, ძალიან მრცხვენოდა ამის გამხელა.

– ახალ ხელმძღვანელზე, გიორგი სიხარულიძეზე, რას ფიქრობთ?

– ჯერჯერობით არაფრის თქმა შემიძლია, გარდა იმისა, რომ არის მიშა თუმანიშვილის ნამოწაფარი, გონიერი, წესიერი ადამიანი. კარგად იცის, რა არის კარგი. მან გაუსვა ხაზი, რომ თუმანიშვილს თეატრს ხარისხის თამასა უნდა დაუბრუნდეს. არ ვიცი, ეს როგორ მოხდება, მაგრამ, აქეთკენ რომ იხედება, უკვე კარგია.

– აღნიშნეთ, რომ ყველა ხელისუფლება თეატრის ხელმძღვანელად თავის კადრს სვამს. გიორგი სიხარულიძესთან დაკავშირებითაც იმავეს ფიქრობთ?

– ამ ეტაპზე ერთს ვიტყვი: ქეთი დოლიძე აღარ უნდა ყოფილიყო ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ხელისუფლების წარმომადგენლები რომ ამბობენ, დოლიძეს ფინანსური დარღვევები ჰქონდაო, არ მაქვს უფლება, არ დავიჯერო.

კულტურის მინისტრმა პირდაპირ თქვა, ადრეც მქონდა მორალური და იურიდიული უფლება, დოლიძე გამეთავისუფლებინა, მაგრამ იმის გამო, რომ მას აქვს დამსახურება თეატრის წინაშე, ეს არ გავაკეთეო.

თინათინ ოსმანოვა, ჟურნალი “სარკე”