მერაბიშვილი ციხიდან ციხის დირექტორმა, შოთა თუთარაშვილმა და მისმა მოადგილემ გაიყვანეს – ზვიად კუპრავა დეტალებს ყვება

მერაბიშვილი ციხიდან ციხის დირექტორმა, შოთა თუთარაშვილმა და მისმა მოადგილემ გაიყვანეს - ზვიად კუპრავა დეტალებს ყვება“სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანას იხსენებს და აღნიშნავს, რომ ყოფილი პრემიერი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ციხის დირექტორმა, შოთა თუთარაშვილმა და მისმა მოადგილემ გაიყვანეს. ამის შესახებ მან გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

“რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანას, ეს მოხდა გვიან ღამით, როდესაც ვანო მერაბიშვილის საკანი გააღო აღნიშნული ციხის დირექტორმა, შოთა თუთარაშვილმა და მისმა მოადგილემ, რომლებმაც გამოიყვანეს ვანო მერაბიშვილი თავზე მოსასხამმოხვეული და გაიყვანეს ციხის კორიდორით. ის ჩაიყვანეს დაბლა და ჩასვა თუთარაშვილმა თავის “პრადოს” ჯიპში, რითაც მოხდა ვანო მერაბიშვილის გაყვანა მატროსოვის ეზოდან.

მატროსოვის ეზოსთან ბატონ მერაბიშვილს და ციხის დირექტორს ელოდებოდათ მეორე ჯიპი, რომელშიც ისხდნენ სასჯელაღსრულების სამინისტროს სპეცსამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსი, გიორგი გურბიანი და აღნიშნული სამინისტროს სპეცსამსახურის სამმართველოს უფროსი იასონ  მელაძე, რომლებმაც ესკორტირება გაუკეთეს იმ ჯიპს, რომელშიც ვანო მერაბიშვილი იჯდა.

პირველი მანქანა, რომელშიც ვანო მერაბიშვილი იჯდა, ციხის დირექტორთან და მის მოადგილესთან ერთად და მეორე მანქანა, რომელშიც ისხდნენ უკვე სპეცდანიშნულების რააზმის თანამშრომლები, რომლებმაც მიიყვანეს ვანო მერაბიშვილი იქ, სადაც როგორც ბატონმა ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, დახვდნენ  ოთარ ფარცხალაძე და დიმა დარბაისელი. აქ მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, თუ ვის მიერ, კონკრეტულად რა ვითარებაში და როგორ მოხდა ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანა”,-განაცხადა კუპრავამ.

აიპრესი