ანტიკორუფციული ბიურო თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებში არსებული კორუფციული ფაქტების სწავლობს. უწყებაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, დაკითხეს თუ არა ია მაკასარაშვილი, გიორგი მუსხელიშვილი და ლევან დარახველიძე, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილიკორუფციაში ადანაშაულებს.
არსებული ინფორმაციით, ხაბეიშვილის დაკითხვის შემდეგ ე.წ. მოდულის შენობაში საკრებულოს ყოფილი წევრი ვარკეთილის მაჟორიტარი ია მაკასარაშვილი დაკითხეს.
ოპოზიციის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, მაკასარაშვილს დეპუტატის ბიუროში დასაქმებული ჰყავდა მეუღლე და შვილი. ასევე მეგობარი ოჯახის ორი წევრი.
“ნიუპოსტი“ ია მაკასარაშვილთან დაკავშირებას დილიდან ცდილობს, თუმცა მას ტელეფონი გამორთული აქვს.
რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, უწყება დაწყებული გამოძიების ირგვლივ დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.
ანტიკორუფციული სამსახური, საკრებულოს 3 მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროების საქმიანობით დაინტერესდა. მათგან ერთი “ქართული ოცნების” ყველაზე აქტიური სახე, ია მაკასარაშვილია ხოლო ორი, გიორგი მუსხელიშვილი და ლევან დარახველიძე, საკრებულოს მოქმედი წევრები არიან.
მასალები კონკრეტული კანონდარღვევების შესახებ საგამოძიებო სამსახურს ლევან ხაბეიშვილმა გადასცა.
ნიუპოსტი

