“ნიკორა ტრეიდის” აღმასრულებელი დირექტორის დავით ურუშაძის განცხადებით, ლარის კურსის ცვლილების გამო “ნელნელა რაღაცები ძვირდება”.
საქმის კურსთან საუბრისას კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ გაძვირება პირველადი მოხმარების პროდუქციას ჯერ არ შეხებია, მაგრამ თუ ლარის გაუფასურება გაგრძელდა გაძვირება შესამჩნევი გახდება.
– ვერ ვიტყვი, რომ ტოტალურად ძვირდება პროდუქცია, თუმცა, ტალღა მოდის. კურსი ახლა, უხეშად რომ ვთქვათ, არის 2,7 მანამდე კი 2,45 იყო, კურსი შეიცვალა 10%-ით. ამ 10%-იდან დიდ ნაწილს ცალკე რითეილერი და ცალკე პროდუქციის მომწოდებელი შთანთქავს (მოგების შემცირების ხარჯზე). უხეში და არამეცნიერულად დასაბუთებული ვარაუდია, რომ მალე ეს ცვლილება, სავარაუდოდ, 5%-იან სხვაობას გამოიწვევს ფასებში,- აცხადებს დავით ურუშაძე.
მისი თქმით, საქართველოში პროდუქციის უმეტესობა იმპორტირებულია, ამიტომ კურსის ცვლილება ავტომატურად აისახება ფასზეც.
– წინა წლებში, როდესაც ასეთი სტრესული სიტუაციები იყო, მომწოდებლები ცდილობდნენ, არ გაეზარდათ ფასი. თავიანთი მოგების შემცირების ხარჯზე ცდილობენ, კურსის ცვლილება მომხმარებლამდე არ მიიტანონ ხოლმე. კრიტიკული ზღვარი ყველასთვის სხვადასხვაა. დღეს რთულია თქვა, რომ 2,8-ზე ფასები კრიტიკულად მოიმატებს. ვის როგორი ნაშთი აქვს და ვინ რა პოლიტიკას ირჩევს, აქედან გამომდინარე იცვლება ფასები.
ფასების ზრდას გარკვეულწილად ჩვენც ვაკავებთ ჩვენი მოგების შემცირების ხარჯზე. შესაბამისად, კურსთაშორის სხვაობის გამო აგორებული ტალღა საბოლოო მომხმარებლამდე მიდის ცოტა დაგვიანებით. თუ მოხდა ისე, რომ კურსი ჯერ ძალიან ავარდა და შემდეგ ჩამოვარდა, შეიძლება, მომხმარებელმა ვერც იგრძნოს, რადგან ეს სხვაობა შთანთქოს მიმწოდებელმა და რითეილერმა,- აცხადებს დავით ურუშაძე.
ბიზნესმედია

