“ნუგეშის” ბრენდი მხოლოდ ჯიხურებში დარჩება. გადაწყვეტილება “ნუგეშის” ქსელის მფლობელმა “ნიკორა ტრეიდმა” მიიღო.
საქმის კურსს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ურუშაძემ განუმარტა, რომ ამჟამად “ნიკორაში” ბრენდებისა და მაღაზიების სტანდარტიზაცია მიმდინარეობს. შესაბამისად, გადაწყდა, რომ სუპერმარკეტების ფორმატში მუშაობას მხოლოდ “ნიკორა” გააგრძელებს, ჯიხურებში, რომლებიც კომპანიამ “ნუგეშის” შესყიდვის შემდეგ მიიღო, მხოლოდ “ნუგეშის” ბრენდი დარჩება, ასევე გაფართოვდება დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი “ნიკორა XL”-ის სახელით.
– ნუგეში ზოგადად ასოცირებულია სოციალურ პროექტთან. ჯიხურები კი იძლევა იმის საშუალებას, რომ დაბალ ფასებში და დაბალ სეგმენტზე ვიმუშაოთ,- აცხადებს დავით ურუშაძე.
რაც შეეხება “ნიკორა XL”-ის ბრენდს, თბილისში პირველი ჰიპერმარკეტი “ლიბრეს” ადგილზე უახლოეს კვირებში გაიხსნება. ამ ბრენდის ქვეშ ერთი ჰიპერმარკეტი ბათუმში უკვე ფუნქციონირებს.
– ეს კონცეფცია ჩვეულებრივი მაღაზიისგან განსხვავდება იმით, რომ ამ ტერიტორაიზე ფუნქციონირებს მზა საკვების საკუთარი წარმოება. ამასთან, დიდი აქცენტია გაკეთებული ფრეშ საქონელზე – თევზეულზე, ხორცეულზე და ა.შ.
ქსელურ მარკეტებს მცირე წილი უკავიათ ჯამურ ბაზართან მიმართებაში, ამიტომ განვითარების პოტენციალი დიდია,- აცხადებს დავით ურუშაძე.
მისივე თქმით, კომპანიის სტრატეგია 2018 წელს ქსელის გაფართოებაზეა ორიენტირებული. უკვე შერჩეულია კონკრეტული ლოკაციები, სადაც სავაჭრო ობიექტების გახსნა მოხდება, თუმცა, კონკრეტულად სად რომელი ბრენდი გაიხსნება, ეს მოთხოვნის შესაბამისად გადაწყდება.
ბიზნესმედია

