პოლკოვნიკი მაყიშვილი – ”სპეცოპერაცია თბილისში ჩატაევის გასანეიტრალებლად დაიგეგმა”

პოლკოვნიკი მაყიშვილი - ”სპეცოპერაცია თბილისში ჩატაევის გასანეიტრალებლად დაიგეგმა”პოლკოვნიკი დავით მაყიშვილი, რომელიც დონბასის ვეტერანი და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის წევრია, დარწმუნებულია, რომ თბილისში ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაცია სწორედ აჰმედ ჩატაევის გასანეიტრალებლად დაიგეგმა.

“მე ეს ინფორმაცია მაქვს ჩეჩენი მეგობრისგან, რომელიც ახლა ავსტრიაში ცხოვრობს, ქალაქ ვენაში. ის გავიცანი 2 წლის წინ უკრაინაში – ის უკრაინის მხარეს მოხალისედ იბრძოდა. და მან იმ ოპერაციის საღამოს დამირეკა და მითხრა, რომ ჩატაევის დაცვის წევრი მისი ბავშვობის მეგობარი იყო და მასთან კომუნიკაცია ჰქონდა რამდენიმე დღის უკან, და მან უთხრა, რომ ის ჩატაევთან ერთად თბილისში იმყოფებოდა. მერე დამირეკა და მითხრა, რომ ამ ოპერაციის დროს ლიკვიდირებულია ჩატაევი და მისი დაცვის ორი თანამშრომელი”, – განაცხადა დავით მაყიშვილი “იმედის კვირასთან” ინტერვიუში.

ფოტოები, რომლებიც ტელეკომპანია იმედის საკვირაო გადაცემამ, “იმედის კვირამ” მოიპოვა, დიდი ალბათობით სპეცოპერაციის ადგილასაა გადაღებული. სავარაუდოდ კი ფოტოზე აჰმედ ჩატაევის სხეულის ნაწილებია ასახული. ვარაუდობენ, რომ ჩატაევია სწორედ ის პირი, ვინც სპეცოპერაციის დროს ბინაში თავი აიფეთქა.

სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს საღამოს დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია 1 ადამიანი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.

სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.

ბინას, რომელშიც ტერორიზმში ეჭვმიტანილები ცხოვრობდნენ, პანკისის ხეობაში მცხოვრებ ასლან ჯაბრაილოვს ეკუთვნის. ბინის გაქირავებაში კი ცოლისძმა – რიზვან გორნაკაშვილი დაეხმარა, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით დაკავებულია.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ღამით დაიწყო.